როგორ ცხოვრობდა დედაქალაქი მე-19 საუკუნეში – კარაპეტ გრიგორიანცის „ძველი თბილისის იშვიათი ამბები“
მხატვარმა და მწერალმა, კარაპეტ გრიგორიანცმა არაერთი ძველთბილისური ამბავი შემოგვინახა, რომელსაც მკითხველი დღესაც ინტერესით ეცნობა. გრიგორიანცი იმ უჩვეულო ამბებს გვიყვება, რომლებიც ჩვენს დედაქალაქში საუკუნეზე ადრე მომხდარა. ასე რომ, ის საინტერესო ადამიანებისა და შთამბეჭდავი ისტორიებისკენ მიგვიძღვება, რომლებიც ძველთბილისურ ცხოვრებას სხვა თვალით გვანახებს.
საკუთარ წიგნში – „ძველი თბილისის იშვიათი ამბები“ – თბილისელების ყოველდღიური ყოფა გრიგორიანცს შემდეგნაირად აქვს აღწერილი:
ამ ჩვენი ქალაქის მდებარეობა ერთობ უვარგისია, თუ ხალხისთვის თუნდა საქონლისთვის. პურის ჭამა დღეში სამ გზის იყო მიღებული, დილით საუზმე, სადილი და სამხარი, ვახშამი სულ არ იცოდნენ. გაშლიდნენ ლურჯ სუფრას ტახტზედა. თუ ზამთარი იქნებოდა, ზედ ქურსზედ შლიდნენ. ხონჩებით მიიტანდნენ პურსა და ყველანი ერთ დიდ ჯამში სჭამდნენ. ოთახს ერთი კარები ექნებოდა, ორიც ფანჯარა. ფანჯრების მინის ნაცვლათ ტყავის ბუშტებს აკრავდნენ, ისე როგორც დაირებზეა გაკრული. სახლების ბანები ისეთი სუფთა და დატკეპნილი იყო, რომ ცემენტი გეგონებოდათ, რადგანაც მუდმივათ ზედ რგვალ ქვას აგორავებდნენ და მიწას ამაგრებდნენ. საღამოობით ბანებზე ხალიჩებს გაშლიდნენ და იქ მღერა ცეკვაში დროს ატარებდნენ. ჩაის სმა ხმარებაში არ იყო. სამოვრების შემოღება 1870 წლიდან შემოვიდა. მოქალაქეთა ყოველგვარი მიხრა მოხრა სპარსული ყოფა ცხოვრებიდან იყო გადმოღებული.
1870 წლიდან თბილისის მდიდარი მოქალაქე მირზოევი ბაქოდან აქლემებით ნავთს ეზიდებოდა ქალაქში, მაგრამ რადგან ხალხი ჩვეული არ იყო და არც ლამპები იყო შემოღებული, ამის გამო მირზოევის მოზიდულს ნავთს ქალაქი ყიდულობდა ქუჩების ფარნების ასანთებად, ნავთის ხმარებას ხალხი ისე ერიდებოდა, როგორათაც ეხლა ჩვენ ბენზინს ვერიდებით და გვეშინიან. თბილისში ნავთის ნაცვლად შემოღებული იყო ქონის ჭრაქები.
ყველა შეგნებული ადამიანი ადვილად მიხვდება, თუ სპარსულ წეს წყობილებას როგორი გავლენა ქონია საქართველოზე. ესენი ჩანს ყოველ ნაბიჯის გადადგმაზე. გინდათ ქუჩების სივიწროვე ვთქვათ, გინდათ იმდროის ქალების ჩადრები. გინდათ ვაჟკაცების ფაფხები, ქულაჯები და აბები სთქვით. ერთი სიტყვით ძალიან მრავალი ამგვარი მაგალითებია. წინა ხანებში საერთოთ საქართველოს ქალები ჩადრებით სახესაც მალავდნენ, მაგრამ ნელ ნელა გადავარდა, მაგრამ ჩადრების ხმარება 1889 წლამდის გასტანა. ამგვარ ჩადრებს საერთოდ ყველა ქალი ხმარობდა, ბებრებიც, შუახნის ქალებიც და ქალიშვილებიც. ისე რომ ადამიანი გათხოვილს და გასათხოვარს ვერ გაარჩევდა. ქალიშვილებსაც ასაკში შესულ დროს თავს დაახურავდნენ და ჩადრს წამოასხავდნენ, რომელსაც ქართულათ მანდილს ვეძახით. ეს მანდილები თათრის ქალებისა სხვა და სხვა ფერისა არის, უფრო ხშირად – კი შავი ფერისა არის, ქრისტიანი ქალებისა – კი საერთოთ თეთრები იყო. რა დროიდანაც მე ამ იშვიათს ამბებს ვწერავ, იმ დროს თბილისში არც რკინის გზის დეპო და სახელოსნო იყო, არც არსენალში მუშაობა იყო, არც ადელხანოვის ქარხნები იყო, არც საპნის ზავოდები იყო, არც თუთუნის ქარხნები იყო. მთელს თბილისში სამუშაო ქარხანა მხოლოდ იყო მირზოევის ამერიკის საქსოვი ფაბრიკა, სადაც ბლომად ხალხი მუშაობდა. სამუშაო ადგილები ხალხს სულ არა სჭირდებოდა, რადგანაც ხალხი ძალიან ცოტა იყო ქალაქში და არაფრის საჭიროებას არა გრძნობდა. დღიური მუშისთვის საქმე მუდმივად შეუწყვეტელი იყო, რადგანაც ქალაქში შენობები ერთთავად კეთდებოდა. აღდგომიდან დაწყობილი თოვლის მოსვლამდე დღიურ მუშას საქმე არ აკლდებოდა. ყოველ წლივ იმდენი შენობები კეთდებოდა, კალატოზი თათრები სამუშაოდ სპარსეთიდან ჩამოდიოდნენ და საცხოვრებელ საქმეებს შოულობდნენ.
ქალაქიც ასიოდე მუშას ინახავდა ქუჩების დასაგველად. იმ დროს მოქალაქენი მეეზოვეებს არ ინახავდნენ, გარდა ღამის ასასებისა, ისინიც ყარაულობდნენ მხოლოდ ბაზრის დუქნებს და არა სახლებს. ამის მიზეზითაც იმთავითვე პოლიციის დარაჯების უქონლობის გამო მუდმივად ქალაქის სახლები, დუქნები და ხალხი ერთავათ იძარცვებოდა. როგორც შემდეგში დაინახავთ მთელს ქალაქში პოლიციის მოხელენი ათი სული არ იქნებოდა, რაღა თქმა უნდა, რომ ძარცვა – გლეჯა და კაცის კვლა ხშირი იქნებოდა. ამგვარი საქმები ყველაზე უფრო ხშირად ხდებოდა „ეშმაკის“ ბაზარში, ანუ აბანოების უბანში, სადაც სპარსელები, ოსმალეთის ხალხი და სხვა მხრიდან ჩამოსულნი უსათუოთ იქ მოიყრიდნენ თავსა, რადგან ფურგუნები იმ უბანში ჩერდებოდნენ, „ეშმაკის“ ბაზრის მგზავსი ადგილი ერთიც იყო რიყე, სადაც გაყიდული საქონლის პატრონი ფულს თავის სახლში ვეღარ მიიტანდა, ან ჯიბიდან ამოაცლიდნენ, ან წინ საფულესა დაუგდებდნენ, განგებ ფულს აპოვნინებდნენ, ან კიდევ ყალბი ქამრისა და სხვა ნივთების მიყიდვით ჯიბებს ერთიანად დაუცარიელებდნენ. უკეთუ ამგვარ იშკილბაზობით ვერაფერს გააწყობდნენ, მაშინ სადმე დაჰპატიჟებდნენ და კარტის თამაშობაში ერთიანად გააკოტრებდნენ და ანაზდათ აქ იქა მიიმალებოდნენ. 1860 წლის შემდეგ თბილისში ნელნელა გაიხსნა თამბაქოს ქარხნები და ცოტ – ცოტა სამუშაო საქმები გამოჩნდა. ოსმალეთიდან ქალაქში ჩამოვიდნენ ნიკოლაი ბაზარჯიანცი, ამბარცუმ ენფიაჯიანცი და სალი-ოღლი.
იმ ჟამად პაპიროსზე ბანდეროლი არ იყო, არც თუთუნზე რამე წესი იყო, ამის გამოთაც გახსნილი პაპიროზი და ფოთლიანი თუთუნი ღიად ყველგან იყიდებოდა, იმის შემდეგ სხვა თუთუნის ქარხნებიც გაიხსნა რომელთა გვარები ზეპირად მახსოვს. ესენი იყვნენ, დავლიანოვი, აზნაუროვი, საღოიანცი და სხვები. იმ დროს არც ერთი მანქანა არ იყო შემოღებული, თუთუნი იჭრებოდა ხელითა, მუშტუკი იკვრებოდა ხელითა. ერთი სიტყვით, ყოველივე წვრილმანი საქმე კეთდებოდა ხელითა, ამის მეოხებით ქარხნებში კარგა ბლომად ხალხი სჭირდებოდათ, როდესაც მანქანები შემოვიდა და ხელით სამუშავო საქმეები მეტათ შემცირდა, მაშინ ბევრი მუშა იქმნა დათხოვნილი, რომელთაც არეულობა დაიწყეს და ხაზეინებს საცხოვრებელი მოსთხოვეს. ქარხნის პატრონებმა მაშინდელი ჟანდარმის დახმარებით ყველა საქმე გაასწორეს და ზედმეტი მუშები ყველა დაითხოვეს.
დათხოვნილი მუშების ბედ იღბალზე მალე გაიხსნა ორთაჭალაში ადელხანოვის ქარხანა, სადაც მზადდებოდა რუსის ლაშქრისათვის ნაბდები, პადოშები, ტყავები და ფეხსაცმელები. ამ ქარხნების საქმე ისე კარგათ წინ წავიდა, რომ საქონელს ვეღარ ასწრებდნენ. მთელი დამოჟნის უბნისა და ავლაბარის ხალხი იქ შოულობდნენ საცხოვრებელ საქმეს. ამას მოემატა მადამ ტოლეს საპნისა და ზეთის ქარხნები, შემდეგში გაიხსნა სარაჯიშვილის სასმელების ქარხნები და ამით შვება მიეცა თბილისის მშრომელ ხალხის ცხოვრებას. დიდი ხანი არ არის, რაც ვარანცოვის დაარსებული „პრიკაზი“ მოისპო. ეს დაწესებულება ოცდაათი წლის ვადით მოქალაქებს უსარგებლოთ ფულს აძლევდა, რომ აეშენებინათ აბანოები, ქარვასლები და სახლები, რათა რომ ქალაქის მრეწველობა დაუბრკოლებლათ გაფართოებულიყო და ყველა უსახლკარო ადამიანი სახლკარის და ოჯახის პატრონი გამხდარიყო. ქალაქის მცხოვრებელნი იმ დროს დარჩებოდნენ უწყლოთ, როდესაც სადმე ცეცხლი გაჩნდებოდა და ყველა თულუხჩები იქ წყლის საზიდრათ დაბანდებოდნენ, რადგანაც შემდგომად ამ სამსახურის გამო, ყოველგვარი გადასახადიდან თავისუფლები იყვნენ.