გრიგოლ ლილუაშვილი: ტერორიზმი გამოწვევას წარმოადგენს არა მარტო ჩვენი ქვეყნისთვის, არამედ – მთელი მსოფლიოსთვის
“ტერორიზმი ერთ-ერთ გამოწვევას წარმოადგენს არა მარტო ჩვენი ქვეყნისთვის, არამედ – მთელი მსოფლიოსთვის. კონტრტერორისტული საერთაშორისო კოალიციის ფარგლებში, ჩვენ ვართ ძალიან დიდი კონტრიბუტორები. არა მარტო ჩვენი სამსახური, არამედ თავდაცვის ის შენაერთები, რომლებიც უცხო ქვეყნებში მისიის ფარგლებში ემსახურებიან მშვიდობის დამყარებას”, – ამის შესახებ სუს-ის უფროსმა, გრიგოლ ლილუაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, 2020 წლის განმავლობაში არ შეინიშნებოდა არც რეკრუტირების, არც ტერორისტული მოწოდებების ფაქტები საქართველოს ტერიტორიაზე. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა ხაზი გაუსვა საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ, კონტრტერორზმის მიმართულებით, ბოლო წლებში გაკეთებულ დადებით შეფასებებს.
„ჩვენი სამსახურის კონტრტერორისტული დანაყოფი ერთ-ერთი სამაგალითოა და ზედიზედ ორი წლის განმავლობაში ჩვენი ქვეყანა და ჩვენი სამსახური ხვდება ამერიკის შეერთებული შტატების წლიური ანგარიშის დადებითი შეფასების საკითხში. ეს სასიხარულოა როგორც ჩვენი სამსახურისთვის, ისე – ჩვენი თითოეული თანამოქალაქისთვის რადგან ეს მიუთითებს იმაზე, რომ მაღალ დონეზე ხორციელდება, როგორც ტერორიზმთან დაკავშირებული პირების მიმართ კონტროლისა და დევნის განხორციელების პროცესი, ასევე მაქსიმალრად ეფექტურად კონტროლდება, მათი მხარდაჭერისათვის საჭირო ფინანსური ნაკადების კონტროლიც. 2020 წელს საქართველოში იმყოფებოდა საერთაშორიოს შეფასების ჯგუფი, რომელთა შეფასებაზე მეტწილად იყო დამოკიდებული ევროკავშირის და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მიმართ განხორციელებული ყველა ქმედების შეფასება. ის შანსები, რაც ჩვენ ამ ორგანიზაციებში გაწევრებას უკავშირდება, შეფასების ჯგუფმა აღნიშნული დასკვნით და მხარდაჭერით, მეტწილად გაზარდა“, – განაცხადა გრიგოლ ლილუაშვილმა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა ასევე ისაბურა 2020 წელს მნიშვნელოვან დაკავებაზე, რომელიც უსაფრთხოების სამსახურისა და საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების, ასევე უკრაინელი პარტნიორების დახმარებით განხორციელდა.
ეს იყო ჩვენი თანამოქალაქის, ცეზარ ტოხოსაშვილის საქართველოში ექსტრადირება, რომლიც დღეს ქართულ ციხეში იხდის 10-წლიან სასჯელს ტერორიზმთან დაკავშირებული მუხლების საფუძველზე.