ფულის გამო დახოცილი ოჯახი და 11 წლის გოგონა, რომელმაც ღია ზღვაში 84 საათი გაატარა – დიუპერების საბედისწერო მოგზაურობა

გადარჩენილი ტერი

საშინელებაა, როდესაც ადამიანი სიცოცხლისთვის საფრთხისშემცველ ვითარებაში აღმოჩნდება, მაგრამ უარესია, როცა მსგავსი რამ ბავშვს შეემთხვევა. 11 წლის ამერიკელი ტერი ჯო დიუპერი ერთადერთია თავისი ოჯახიდან, ვინ მკვლელის თავდასხმას გადაურჩა. გოგონა ღია ოკეანეში სამი დღე ელოდა მაშველებს.

ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ტერის მამამ – არტურ დიუპერმა გადაწყვიტა, საკუთარი ოჯახისთვის საჩუქარი გაეკეთებინა. წარმატებული ექიმ-ოფთალმოლოგი, უისკონსინის შტატიდან, ოცნებობდა, მეუღლესა და სამ შვილთან ერთად თბილ ქვეყნებში დაესვენა, კონკრეტულად კი – ბაჰამის კუნძულებზე. ამისთვის დიუპერის ოჯახმა, მეგობრებთან – ცოლ-ქმარ ჯულიან და დინ ჰარვებთან ერთად, პატარა გემი იქირავა ფლორიდაში.

ჯულიან ჰარვიმ გემის მართვა იცოდა და, ზოგადად, ძალიან ხელმარჯვე მამაკაცი იყო, თანაც, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანიც გახლდათ. 1961 წლის 8 ნოემბრის ღამეს გემი Bluebelle (ცისფერი ლამაზმანი) ზღვაში გავიდა. ბორტზე იმყოფებოდა ჰარვის ოჯახი, არტურ დიუპერი ცოლთან – ჯინთან ერთად და მათი სამი შვილი: 14 წლის ბრაიანი, 11 წლის ტერი და 7 წლის რენე.

ზღვაში ყოფნის ხუთმა დღემ იდეალურად ჩაიარა – არაჩვეულებრივი ამინდი და ლაჟვარდოვანი ზღვა მოგზაურებს დაუვიწყარ შთაბეჭდილებებს სჩუქნიდა, მაგრამ დასვენების მეექვსე დღეს კოშმარი დაიწყო. ტერი ძმის ყვირილმა გააღვიძა. კაიუტიდან გამოსვლისას გოგონამ დედა და ძმა დაინახა, რომლებიც საკუთარ სისხლში იწვნენ.

ტერი იმდენად შოკირებული იყო, რომ ეს საშინელი სიზმარი ეგონა. გოგონა საკუთარ კაიუტაში დაბრუნდა და საბნის ქვეშ შეძვრა. რაღაც დროის შემდეგ მან კვლავ გადაწყვიტა კაიუტიდან გამოსვლა და გემბანზე ჯულიანი ნახა, რომელიც შეშლილივით გამოიყურებოდა. მამაკაცმა ტერის ხელი ჰკრა. გოგონა წაიქცა, ჯულიანი კი კანოეში ჩავიდა, სადაც მისი ცოლის, დინის ცხედარი ესვენა.

ჯულიან ჰარვი

სიტყვის უთქმელად, ჯულიან ჰარვიმ კანოეთი გაცურა და გოგონა მარტო დარჩა. რამდენიმე წამში ტერი მიხვდა, თუ რატომ არ ახლო ხელი მკვლელმა მას – მამაკაცმა გემის ფსკერი დააზიანა და დარწმუნებული იყო, რომ გოგონა გემთან ერთად ჩაიძირებოდა, მაგრამ ტერიმ ინსრტუქტაჟი გაიხსენა, რომელიც ბავშვებს მამამ გაცურვამდე გააცნო. მან პატარა გასაბერი ნავი იპოვა და მისი წყალზე დაშვება მოახერხა. გემი მალევე ჩაიძირა და გოგონა ზღვაში მარტო დარჩა.

ტერის არ ჰქონდა საკვებისა და წყლის მარაგი. მას საშინლად სწყუროდა და შიოდა. ციდან დაუნდობლად ანათებდა მზე და ბავშვის ყოვლად დაუცველი კანი მალე დამწვრობებით დაიფარა. გოგონას მუდმივად გული ერეოდა, მაგრამ ყველაზე ცუდი ის იყო, რომ მას კარგად ესმოდა – ზღვაში პატარა ნავის შემჩნევის ალბათობა ძალიან, ძალიან მცირე იყო, სპეციალურად კი, ძებნას არავინ დაიწყებდა.

ტერი სიკვდილი არ წერა – 84 საათის შემდეგ ის ბერძნულმა გემმა აიყვანა. კაპიტანი გაოცებული იყო ნავში პატარა გოგონას დანახვით – ვითარება ძალიან უცნაური გახლდათ. ვინაიდან გოგონა ძალიან დასუსტებულიყო, ბერძნებმა სამაშველო ვერტმფრენი გამოიძახეს და ტერი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მან 11 დღე გაატარა.

ჯულიან ჰარვიც სავაჭრო გემმა აიყვანა. მან ყველას მოუყვა, თითქოს, გემი შტორმში მოჰყვა და გადაბრუნდა, მან კი მხოლოდ მეუღლის გამოყვანა შეძლო. დანარჩენი მგზავრები, მისი თქმით, ფსკერზე იყვნენ. მკვლელი სახლში დაბრუნდა და მეუღლეც დაასაფლავა.

როდესაც პოლიციამ მას მიაკითხა და აცნობა, რომ ტერი ცოცხალი იყო, ჰარვიმ მათ თავი ისე მოაჩვენა, თითქოს, ძალიან გაუხარდა. ჯულიანს კარგად ესმოდა, რომ როგორც კი გოგონა გამოკეთდებოდა და საუბარს დაიწყებდა, მას დააპატიმრებდნენ და სიკვდილით დასჯიდნენ. ამიტომ, დაპატიმრებას არ დალოდებია. ერთ-ერთ სასტუმროში ნომერი იქირავა, ალკოჰოლი მიიღო და თავი ჩამოიხრჩო.

მოგვიანებით, როდესაც პოლიცია მკვლელობას იძიებდა, გაირკვა, რომ ჯულიანმა მეუღლე უბედური შემთხვევებისგან ძალიან დიდ თანხად დააზღვია. ზღვაში ყოფნისას მან დინი დაახრჩო და ამის უბედურ შემთხვევად გასაღებას ცდილობდა, მაგრამ არტურ დიუპერმა ეს შემთხვევით დაინახა. დამნაშავე უკიდურეს ზომამდე მივიდა და მთელი ოჯახი ამოხოცა, გარდა ტერისა.

თუკი ჯულიანის გეგმა შესრულდებოდა და გოგონა გემთან ერთად ჩაიძირებოდა, მაშინ, ალბათ, ამ ბოროტმოქმედებაზე ვერავინ შეიტყობდა, მკვლელი კი, თავის ფულს მიიღებდა, თუმცა, სისხლიანი ფულის მოხმარება არ გამოუვიდა.

ტერი ჯო დიუპერის ისტორია მსოფლიომ ჟურნალ LIFE-ის მეშვეობით გაიგო. 2010 წელს რიჩარდ ლოგანმა დაწერა წიგნი „ზღვაში დაობლებული“, რომელიც ამ საშინელ შემთხვევას მიუძღვნა. საკუთარ მონათხრობში ავტორმა არა მხოლოდ ტრაგიკული ისტორია მოყვა, არამედ მან წიგნის დიდი ნაწილი იმას მიუძღვნა, თუ როგორ იმოქმედა გოგონას ცხოვრებაზე მომხდარმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები