როგორ შეცვალა ჩერნობილის ტრაგედიამ ერთი კუბელი პროფესორის ცხოვრება
1990 წლის მარტში კუბაზე სამკურნალოდ 120 ბავშვი გადაიყვანეს, რომელიც ჩერნობილში ატომური ელექტროსადგურის აფეთქების შედეგად დაშავდა. ასე დაიწყო კუბას ბიუჯეტიდან დაფინანსებული პროგრამა, რომლის 20-წლიანი მოქმედების პერიოდში კუნძულზე 25 ათასი ბავშვი ჩავიდა სამკურნალოდ.
კუბაზე პატარა პაციენტებს კვალიფიციური სამედიცინო დახმარება, სადღეღამისო მოვლა და თბილი კლიმატი ელოდათ. მხოლოდ პროფესიონალური თარჯიმნები არ ჰყოფნიდათ. საერთო ენის გამოსაძებნად ექიმებს, ავადმყოფ ბავშვებსა და სასოწარკვეთილ მშობლებს შორის ჰავანის უნივერსიტეტის პროფესორები გაგზავნეს, რომლებიც რუსულ ენას ფლობდნენ.
ამ სამმა თვემ სამუდამოდ შეცვალა რუსული ენისა და ლიტერატურის პედაგოგის, მანუელ ბარიუსოს და მისი ოჯახის ცხოვრება.
როდესაც მანუელ ბარიუსომ ჰავანაში 1973 წელს სკოლა დაამთავრა, მას შესთავაზეს რუსული ენისა და ლიტერატურის სწავლება ყუბანის სახელწიფო უნივერსიტეტში. ჯერ კიდევ სკოლაში სწავლისას ის გატაცებული იყო რუსი მწერლების შემოქმედებით, განსაკუთრებით კი, ტოლსტოითა და ჩეხოვით. ამასთანავე, მას საშუალება მიეცა 5 წლით კუბის საზღვრებს გასცდენოდა, რაც იმ დროს ყველასათვის ხელმისაწვდომი არ იყო.
მანუელი საბჭოთა კავშირში დაუფიქრებლად გაემგზავრა.
კუბაზე დაბრუნების შემდეგ მან რუსული ენისა და ლიტერატურის პროფესორის წოდება მიიღო ჰავანის უნივერსიტეტში, სადაც ასწავლიდა ყველაფერს – დაწყებული რუსული ფოლკლორიდან და კლასიკური ლიტერატურიდან, დამთავრებული სოცრეალიზმით. პირველად ჩერნობილის ავარიის შესახებ მან ტელევიზორის საშუალებით გაიგო.
ვიცოდი, როგორ იყო მოწყობილი საბჭოთა კავშირი და ამიტომ მაშინვე ვიფიქრე, რომ იმას, რაც იქ სინამდვილეში მოხდა, სრულად არ გვიყვებოდნენ. ასეც იყო. ჩვენ მოგვიანებით გავიგეთ, თუ რაოდენ დიდი იყო ტრაგედია.
ბრძანება
1990 წლის მარტში მანუელი ჩვეულებისამებრ მივიდა სამსახურში. დეპარტამენტის უფროსმა ყველა პროფესორი კაბინეტში გამოიძახა და აცნობა, რომ ხვალინდელი დღიდან ისინი სტუდენტების სწავლებას შეწყვეტდნენ. ამის მაგივრად, ისინი საავადმყოფოში თარჯიმნებად იმუშავებდნენ: ქალი თარჯიმნები დღის ცვლაში, ხოლო მამაკაცები – ღამით.
მანუელ ბარისოს საავადმყოფოების ატანა არ ჰქონდა. არ იცოდა არცერთი სამედიცინო ტერმინი და არასდროს უმუშავია თარჯიმნის პოზიციაზე, ვინაიდან სსრკ-ში ის რუს სტუდენტებთან ერთად სწავლობდა და თარგმნა არ უწევდა. არ იყო მზად, პირისპირ შეჯახებოდა ასეთ ტკივილსა და ტანჯვას. მას უარის თქმა უნდოდა, მაგრამ მიხვდა, რომ არჩევანი არ ჰქონდა.
ეს იყო ბრძანება და არა თხოვნა. თანაც, ყველა ჩემი კოლეგა დათანხმდა და მეც მივხვდი, რომ ეს სამსახური უნდა შემესრულებინა.
პირველი ცვლა
მასწავლებლებისთვის არავის აუხსნია, თუ რას მოიცავდა მათი სამსახური. მანუელს ახსოვს, როგორი დაბნეული მიდიოდა საავადმყოფოს დერეფანში პირველ ღამეს. მან გაიგონა, როგორ ცდილობდა მედდა, ავადმყოფი გოგონას დედისთვის აეხსნა, რომ მისი შვილი მომაკვდავი იწვა.
ეს ძალიან რთული მომენტი იყო. ზუსტად მაშინ მივხვდი – მე მომიწევდა ამ საცოდავი ქალისთვის მეთქვა, რომ მისი შვილი კვდებოდა.
ამ დროს მასთან სახლში მშვიდად ეძინათ პროფესორის მეუღლეს – მაგდასა და ორ ვაჟს. სებასტიანი ხუთის იყო, ხოლო როდრიგო – ორის. იმ წუთს მანუელმა გააცნობიერა, რომ ის ვალდებული იყო, დახმარებოდა ავადმყოფ ბავშვებსა და მათ მშობლებს, თუნდაც მხოლოდ სოლიდარობის გრძნობის გამო…
ღამღამობით პროფესორი ბარისო საავადმყოფოში მუშაობდა, ხოლო დღისით ბიბლიოთეკაში დადიოდა და სამედიცინო ტერმინებს სწავლობდა. მან გადაწყვიტა, რომ სრულად უნდა ჩაფლულიყო ჩერნობილელი ბავშვებისა და მშობლების სამყაროში.
მანუელი ცდილობდა, რაც შეიძლება ბევრი ესაუბრა ბავშვებთან და მორალურად მხარი დაეჭირა მათთვის. მისი ზედამხედველობის ქვეშ ოცდაათამდე ბავშვი იმყოფებოდა. მათი მდგომარეობა სხვადასხვანაირი გახლდათ. ზოგი სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე იმყოფებოდა. ბევრ მათგანს საშინელი დიაგნოზი ჰქონდა: ლეიკემია და ფარისებრი ჯირკვლის კიბო.
იშვიათი გამონაკლისისას, ბავშვებთან ერთად, ჩერნობილიდან კუბაზე მათი მშობლებიც მოფრინავდნენ. პროფესორს ახსოვს, თუ როგორ უსმენდნენ ისინი ექიმების რეკომენდაციებს და როგორი მადლიერები იყვნენ მედდების.
თუმცა, კრიტიკულ მომენტებს მათი ნერვული სისტემა მაინც ვერ უძლებდა.
ქალი არყის ბოთლით
პროფესორს ახსოვს ერთი დედა, რომელიც მომაკვდავ შვილთან იჯდა საწოლის კიდეზე. ხანდახან ისტერიკაში ვარდებოდა, შემდეგ მშვიდდებოდა და იძინებდა. ის ძალიან ახალგაზრდა და მარტოხელა იყო, სახლიდან და ახლობლებისგან შორს. მას თან არყის ბოთლი ჰქონდა, რომელსაც თანდათანობით ცლიდა.
ვიცოდი, ალბათ, უკეთესი იყო, რომ მას საავადმყოფოში არ დაელია, მაგრამ მეორე მხრივ, არ მინდოდა ის განმეკითხა. იგი ცდილობდა, შექმნილ ვითარებას ასე მაინც გამკლავებოდა.
უმრავი გათენებული ღამისა და ნანახი საშინელების მერე პროფესორი თავადაც მუდმივ სტრესში იყო. მას მოდუნება უნდოდა, მაგრამ არ იცოდა, ეს როგორ მოეხერხებინა. მას არ შეეძლო მიმდინარე მოვლენებზე მეუღლესთან ესაუბრა, რადგან მისი დამწუხრება არ უნდოდა. იმ პერიოდში ცოლ-ქმარი ცოტა დროს ატარებდა ერთად, ვინაიდან მანუელი ღამღამობით მუშაობდა. სახლსა და შვილებზე ზრუნვა მთლიანად მაგდას დააწვა კისერზე. იმ დროს საბჭოთა კავშირმაც დაიწყო დაშლა, რამაც საკვების დეფიციტი და ელექტროენერგიის პრობლემები გამოიწვია კუბაზე. კუნძულის ეკონომიკა საბჭოთა გავჭირის დოტაციაზე იყო დამოკიდებული.
კუნძულზე მუდამ ითიშებოდა დენი, ტრანსპორტი სულ უფრო იშვიათად დადიოდა, ხოლო პროდუქტებისთვის ხალხს დიდ რიგში უწევდა დგომა. ბარიუსოს ოჯახს ავტომობილი არ ჰყავდა, ამიტომ კუნძულზე გადაადგილება მათ ველოსიპედით უხდებოდათ.
ეს ისედაც ძნელი დრო იყო ყველასთვის, მაგდას კი, მთელი პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება მოუწია. ამის გამო, სახლში პრობლემები დაიწყო.
ერთადერთი სიხარული იმ დროს მანუელისთვის შვილებთან თამაშის მომენტები იყო. მაშინ ის ფიქრობდა, თუ რაოდენ გაუმართლათ, რომ მათი შვილები ჯანმრთელები არიან და რაოდენ ტრაგიკული იყო ბავშვების ბედი საავადმყოფოში. შვილებთან ურთიერთობა მანუელს ძალას აძლევდა, რომ მომდევნო დღეს სამსახურში დაბრუნებულიყო.
იზოლაცია და მოულოდნელი დამეგობრება
საავადმყოფოში ლეიკემიით დაავადებული ბავშვები იყვნენ, რომელთაც ძვლის ტვინის გადანერგვა სჭირდებოდათ. ეს ძალიან რთული ოპერაციაა, რომლის წინაც იმუნური სისტემის სრული დახშობა ხდება იმისათვის, რომ ორგანიზმმა ის მიიღოს. პატარა პაციენტების ვირუსებისგან და ბაქტერიებისგან დასაცავად, სხვა ბავშვებისგან მათი სრული იზოლაცია იყო საჭირო.
ერთ-ერთი ასეთი ბიჭი იყო ალექსეი. სხვა ბავშვებისგან განსხვავებით, ის კუბაზე მამასთან ერთად ჩაფრინდა, რომელიც მისი სავარაუდო დონორი გახლდათ.
ალექსეი ავად იყო და ძალიან იტანჯებოდა. ასევე, მარტოსულად გრძნობდა თავს, ვინაიდან სხვა ბავშვებთან ურთიერთობა არ შეეძლო.
მანუელი ბიჭუნას და მამამისს, პეტრეს დაუმეგობრდა, რომელიც ლიტერატურის მასწავლებელი იყო. ისინი ერთად დადიოდნენ ყავის დასალევად. ბიჭის მამა მანუელს საკუთარი ცხოვრების და მოღვაწეობის შესახებ უყვებოდა.
ის ძალიან მოსიყვარულე მამა იყო და ძალიან მიმძიმდა, მეყურებინა, თუ როგორ დარდობდა საკუთარ შვილზე.
ერთხელ ალექსეიმ მანუელს მოუყვა, რომ ჩერნობილში მომხდარი აფეთქება საკუთარი თვალით დაინახა. მისი მონაყოლი საშინელი აღმოჩნდა. პროფესორი ცდილობდა, ბიჭუნასთვის მძიმე მოგონებები დაევიწყებინა და ალექსის იმ ზღაპრის წაკითხვა შესთავაზა, რომელიც მის შვილებს უყვარდათ. ეს ზღაპარი კუბელი მწერლის, ხოსე მარტის „ჯადოსნური კრევეტი“ გახლდათ. ზღაპარში არის ფრაზა, რომელსაც მანუელის სახლში მუდამ იმეორებდნენ: „პატარა, ჯადოსნურო კრევეტო, დამიფარე მე უბედურებისგან“.
ერთ-ერთმა მედდამ დაინახა, თუ როგორ უკითხავდა მანუელი ბიჭუნას ზღაპარს და მან პროფესორს შესთავაზა, ეს სხვა ბავშვებთანაც გაკეთებინა.
ბავშვების მეფე
მანუელი ყოველ საღამოს, ვახშმის შემდეგ ბავშვებს “პატარა კრევეტს“, „წითელქუდასა“ და სხვა ზღაპრებს უკითხავდა. პროფესორი სიმღერებსაც მღეროდა და პატარებს ზღაპრების გმირების დახატვას სთხოვდა. ბავშვები აღფრთოვანებულები იყვნენ. კოლეგებმა მანუელს ბავშვების მეფეც უწოდეს, ეს ზედმეტსახელი მას დიდხანს შემორჩა.
დროთა განმავლობაში გავერკვიე, თუ ვის უნდოდა კოსმონავტობა და ვის – ბალერინობა. მერე მივდიოდი ალექსეისთან, ვუყვებოდი მას სხვა ბავშვების შესახებ და მათ ნახატებს ვაჩვენებდი.
ალექსეი ძვლის ტვინის გადანერგვის ოპერაციის დროს დაიღუპა, ხოლო მისი მამა უკრაინაში დაბრუნდა.
ბავშვთა უმრავლესობა, რომელთანაც მანუელი დროს ატარებდა, მძიმედ იყვნენ დაავადებულნი და კუბაზევე დაიღუპნენ.
მანუელის თარჯიმნის სამსახური ისევე უეცრად დასრულდა, როგორც დაიწყო. სამი თვის შემდეგ პროფესორები თავიანთ სტუდენტებს დაუბრუნდნენ უნივერსიტეტში.
ერთი მხრივ, ყოველდღიურ ცხოვრებაში დაბრუნება ძალიან შემამსუბუქებელი იყო, მაგრამ ყველა ჩვენგანს მძიმე ემოციური ტვირთი დარჩა, რომელმაც სამუდამოდ შეცვალა ჩვენი ცხოვრება.
„მივხვდი, რომ ის ტიროდა“
90-იან წლებში მაგდა და მანუელი ერთმანეთს გაშორდნენ. როგორც მათი შვილი როდრიგო იხსენებს, დედისა და მამის ცხოვრებისეული გზები გაიყო.
2001 წელს მანუელი იატალიაში გადავიდა, სადაც ესპანურ ენასა და კულტურას შეასწავლიდა სტუდენტებს. მაგდა ტორონტოში ცხოვრობს. ძმები გაიზარდნენ და რეჟისორები გახდნენ. ისინი ეძებდნენ ისტორიას, რათა ფილმი გადაეღოთ. სებასტიანს ბუნდოვანი მოგონებები ჰქონდა იმის შესახებ, რომ მანუელი კუბაზე ბაშვებთან მუშაობდა.
მამას დავურეკე და გამოვკითხე ყველაფერი იმ დროის შესახებ. პასუხად სრული სიჩუმე მივიღე. მოგვიანებით კი მივხვდი, რომ ის ტიროდა.
ამ დროის განმავლობაში, მანუელი ცდილობდა, არ ეფიქრა წარსულზე, ვინაიდან მისი მოგონებები ძალიან დამთრგუნველი იყო.
სებასტიანმა მამა დაითანხმა, რომ ამბავი მოეყოლა მისი ცხოვრების იმ პერიოდზე. ყოველ საღამოს სამსახურიდან მეტროთი დაბრუნებისას ის იღებდა ელექტრონულ წერილს მამისგან, ერთსა და იმავე სადგურზე, სადაც ინტერნეტი იჭერდა.
ვკითხულობდი ამ წერილებს და მოულოდნელად ტირილს ვიწყებდი პირდაპირ ვაგონში. სხვა მგზავრები, ალბათ, ფიქრობდნენ, რომ რაღაც სერიოზული ფსიქოლოგიური პრობლემები მქონდა.
მანუელის მოგონებების მიხედვით, ძმებმა სრულმეტრაჟიანი ფილმი „თარჯიმანი“ გადაიღეს, სადაც მთავარ გმირს მსახიობი როდრიგო სანტორო თამაშობს.
გადაღებები კუბაზე მიმდინარეობდა და პროცესის დასაწყისის აღსანიშნავად, მთელი ოჯახი სავახშმოდ შეიკრიბა რესტორანში.
ვიცოდი, რომ ამ საღამომდე დედას და მამას ერთმანეთი 13 წელი არ ენახათ, ახლა კი, ისინი უბრალოდ ისხდნენ და ისე საუბრობდნენ, ვითომ არაფერი მომხდარა.
ბოლოს მთელი ოჯახი ერთად ფილმის პრემიერის დროს, 2018 წელს შეიკრიბა. ადამიანები აღფრთოვანებულნი იყვნენ და ფეხზე წამომდაგრნი უკრავდნენ ტაშს.