ამირან გამყრელიძე: ვაქცინის ორივე დოზით აცრილი ადამიანები, სავარაუდოდ, ორ კვირაში შეძლებენ კოვიდპასპორტების მიღებას
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანლის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კოვიდპასპორტების დასანერგად NCDC-ში აქტიური მუშაობა მიმდინარეობს.
მისივე თქმით, სავარაუდოდ, მომდევნო ორ კვირაში, აცრილ ადამიანებს მათი მიღება შეეძლებათ.
„ჩვენთან, დაავადებათა კონტროლის ცენტრში მუშაობს ჯგუფი, ჩვენი IT სამსახური. ისინი მუშაობენ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასა და ესტონეთთან ერთად. ეს პასპორტი აგებული იქნება იმ პრინციპებზე, რომელზეც აგებულია ევროკავშირში გაცემული კოვიდპასპორტები. მასში ასახული იქნება აცრის სტატუსი, დაავადების გადატანის ან არგადატანის შესახებ ინფორმაცია და PCR-ტესტირების სტატუსი. ეს სამუშაო თითქმის ბოლომდეა მიყვანილი და ვფიქრობ, რომ ეს მომავალი ორი კვირის განმავლობაში უნდა დასრულდეს. დღეს უკვე გვყავს 2 887 ორჯერადად, ანუ სრულად აცრილი ადამიანი, რომელთაც შეიძლება, მოითხოვონ კოვიდპასპორტი. დღეს ჩვენ შეგვიძლია, იმუნიზაციის ელექტრონული ბაზიდან გავცეთ ამობეჭდილი დოკუმენტი, მაგრამ ჯერ არ გვაქვს კოვიდპასპორტები – თავისი შესაბამისი QR კოდებით“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.