თამარ გაბუნია: ინდური შტამის შემოსვლა რომ გაკონტროლდეს, ამის მექანიზმია ინდოეთში მოგზაურობის ისტორიის მქონე პირების კონტროლი
“ქვეყანაში რომ გაკონტროლდეს ინდური შტამის შემოსვლა, ჩვენთვის ამის მექანიზმი არის კონტროლი ინდოეთში მოგზაურობის ისტორიის მქონე პირების ან იმ პირების, ვინც უშუალოდ მოდის”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.
მისივე თქმით, პრევენციული ღონისძიებების დაცვა უმნიშვნელოვანესია.
“ქვეყანაში რომ გაკონტროლდეს ინდური შტამის შემოსვლა, ჩვენთვის ამის მექანიზმი არის ინდოეთში მოგზაურობის ისტორიის მქონე პირების კონტროლი ან იმ პირების, ვინც უშუალოდ მოდის. ბოლო პერიოდში ამ პირებისთვის ისევ დაბრუნდა ორკვირიანი კარანტინი. ეს არის ერთი მექანიზმი, რაც შეიძლება, დაცვის საშუალება იყოს. როგორც ხედავთ, იმდენად მრავალფეროვანი გახდა მუტაციის სახეობები, ბრიტანული, ინდური და არ ვიცი, შესაძლოა, რაღაც სხვა სახეობა გაჩნდეს, ამისთვის ერთადერთი უნივერსალური დაცვა არის ის წესები, რაც ყველა შემთხვევაში თანაბრად მოქმედებს. რაც შეეხება სამედიცინო სექტორის მზაობას ამ შემთხვევაში, ბუნებრივია, თვალს ვადევნებთ ინდოეთის მოვლენებს და იმასაც, თუ რას ამბობენ ინდოელი ექიმები ამ დაავადების მიმდინარეობასთან დაკავშირებით. ტექნიკურ სისტემაში მზაობა მაღალია ამ შემთხვევაში საუბარი მაქვს სუნთქვის აპარატებზე და დამხმარე საშუალებებზე. შესაძლებელია საწოლფონდის მობილიზებაც, მაგრამ მაინც ყველაზე მთავარი ისევ და ისევ რჩება პრევენციული ღონისძიებები იმისათვის, რომ არ მივცეთ გავრცელების საშუალება. არ აქვს მნიშვნელობა, რა წარმომავლობის შტამია. დანარჩენი უნდა დავაკვირდეთ“, – აცხადებს გაბუნია.