შეთქმულების მონაწილე, სახელმწიფო მოღვაწე, წმინდანი – ვინ იყო დიმიტრი ყიფიანი

26 აპრილი ქართველი სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწის, პუბლიცისტის, მთარგმნელის და უბრალოდ, დიდი ადამიანის, დიმიტრი ყიფინის დაბადების დღეა.


დიმიტრი ყიფიანი 1811 წელს (ზოგიერთ ჩანაწერში 1814 წელს) დაიბადა გორის მაზრის სოფელ მერეთში, ქოჩო (ივანე) ყიფიანისა და ბარბარე ფურცელაძის ოჯახში. დიმიტრის მამა ქოჩო ყიფიანი სააბაშიოდან წამოსული აზნაური იყო. ოჯახს, დიმიტრის გარდა, სამი ვაჟი და ორი ქალიშვილი ჰყავდა. უფროსი ძმა ქაიხოსრო ყიფიანი დიმიტრიზე 20 წლით უფროსი იყო.

დიმიტრი ყიფიანმა წერა-კითხვა, ანგარიში და საღვთო სჯული ჯერ კიდევ მერეთში, ბავშვობის ასაკში შეისწავლა. ობოლ ძმებზე უფროსი ძმა — ქაიხოსრო ყიფიანი ზრუნავდა. ქაიხოსროს დიმიტრი სამსახურში, სურამში დაჰყავდა და აქვე გაიცნო მან თბილისში მცხოვრები პრაპორშჩიკი ნიკიფორე ფედოროვი. ნიკიფორე ფედოროვის მეუღლეც ყიფიანი იყო და ის ერთხანს ქაიხოსროსთან ცხოვრობდა, სადაც დიმიტრის რუსული ენის სწრაფი ათვისების უნარი აღმოაჩინა. მან გადაწყვიტა დიმიტრი ეშვილა და ამგვარად იგი ერთხანს რუსულ-ქართულ ოჯახშიც იზრდებოდა.

ერთი წლის განმავლობაში დიმიტრი თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლობდა, შემდგომ ტფილისის კეთილშობილთა სასწავლებელში.

17 წლის დიმიტრიმ 1830 წელს დაამთავრა კეთილშობილთა სასწავლებელი. 1830 წლის 1 ნოემბერს, უკვე გიმნაზიად გადაკეთებულ სასწავლებელში პედაგოგიურმა საბჭომ, შესაბამისი გამოცდების შემდეგ უმცროსი მასწავლებლის თანამდებობაზე მიიღო. იგი პირველ კლასში ასწავლიდა გეოგრაფიას, არითმეტიკას, ქართულ და რუსულ ენებს, ხოლო მეორე კლასში სუფთად წერას.

ქართლ-კახეთის სამეფოსა და დანარჩენი სამეფო-სამთავროების რუსეთის იმპერიასთან შეერთების შემდეგ არ წყდებოდა წინააღმდეგობის მოძრაობა გუბერნიებად დაყოფილ საქართველოში. ამის ერთ-ერთი მაგალითია 1832 წლის შეთქმულება, რომელიც საქართველოს რუსეთის იმპერიისაგან გათავისუფლების იდეისკენ მიმართული ერთ-ერთი ყველაზე ორგანიზებული წინააღმდეგობრივი მოძრაობა იყო. შეთქმულების ორგანიზატორთა შორის იყვნენ დიმიტრი ბატონიშვილი, ოქროპირ ბატონიშვილი, დავით ორბელიანი, სოლომონ დოდაშვილი, გიორგი ერისთავი. ორგანიზაციას მალე შეუერთდნენ ალექსანდრე ჭავჭავაძე, გრიგოლ ორბელიანი, დიმიტრი ყიფიანი და სხვები. შეთქმულები იასე ფალავანდიშვილმა ხელისუფლებასთან დაასმინა. 1832 წლის 11 დეკემბრიდან შეთქმულთა დაპატიმრებები დაიწყო.

შეთქმულების მონაწილეებს სასამართლომ სიკვდილით დასჯის განაჩენი გამოუტანა, თუმცა იმპერატორმა ნიკოლოზ I-მა შეიწყალა. სიკვდილით დასჯა გადასახლებით შეცვალეს. დიმიტრი ყიფიანი 1832 წლის შეთქმულებაში მონაწილეობის გამო ვოლოგდაში გადაასახლეს.

დიმიტრი ყიფიანის ვოლოგდაში გადასახლების შემდეგ მას ნება დართეს ვოლოგდის გუბერნატორის კანცელარიაში დაეწყო მუშაობა. თავდაპირველად რიგითი მწერლის ფუნქცია ჰქონდა, ექვსი თვის შემდეგ მდივნად დააწინაურეს, ხოლო 1835 წლისათვის ვოლოგდის გუბერნატორის კანცელარიის მმართველი გახდა. დიმიტრი ყიფიანის თავდაუზოგავმა მუშაობამ, სხარტმა აზროვნებამ და პროგრესულმა შეხედულებებმა იქაური ინტელიგენციის ყურადღება მიიქცია. განათლებულ საზოგადოებაში მალე განსაკუთრებული ადგილი დაიკავა. ვოლოგდის გუბერნატორის სიმპათია იქამდე მივიდა, რომ დიმიტრისთვის მისი ქალიშვილის ცოლად შერთვა მოისურვა. შემოთავაზება მან არ მიიღო და გუბერნატორს უმაღლეს ხელისუფლებასთან საქართველოში დაბრუნებაში შუამდგომლობა სთხოვა.

დიმიტრი ყიფიანი 1837 წლისათვის საქართველოში დაბრუნდა, მაგრამ თბილისში ცხოვრების ნება არ მისცეს და ქუთაისში ჩავიდა, სადაც „იმერეთისა და გურიის გუბერნატორის“ კანცელარიაში გაამწესეს. სწორედ აქედან დაიწყო დიმიტრი ყიფიანმა უფრო და უფრო მაღალ საფეხურებზე ასვლა.

დიმიტრი ყიფიანი 1862 წლამდე იყო მეფისნაცვლის საბჭოს წევრი, 1859-1867 წლებში სამეგრელოს მთავრის ქონება-მამულის მეურვე. 1864-1870 წლებში თბილისის გუბერნიის, ხოლო 1885-1886 წლებში ქუთაისის გუბერნიის თავადაზნაურობის წინამძღოლი. მონაწილეობდა საგლეხო რეფორმის პროექტის შედგენაში; სათავეში ედგა ქართველი თავადაზნაურობის ლიბერალურ ფრთას. 1876-1879 წლებში იყო თბილისის ქალაქისთავი. 1845 წელს თბილისში ცოლად შეირთო დუშელი მემამულის, გენერალ გიორგი ჭილაშვილის ასული ნინო.

1886 წლის 24 მაისს ტფილისის სასულიერო სემინარიის ერთ-ერთმა სტუდენტმა, იოსებ ლაღიაშვილმა მოულოდნელად ხანჯლით მოკლა სემინარიის რექტორი დეკანოზი პავლე ჩუდეცკი. ეს კრიმინალური შემთხვევა მოგვიანებით საქართველოში საზოგადოებრივ-პოლიტიკური მღელვარების დასაწყისად იქცა. ჩუდეცკის დაკრძალვისას, იმდროინდელმა ეგზარქოსმა პავლე ლებედევმა სიონის საკათედრო ტაძარში შემდეგი სიტყვები წარმოთქვა:

დაიწყევლოს სამუდამოდ შენი მკლავიცა და ის ოჯახიცა, რომელმაც შობა იგი, რომელმაც დაბადა ის, ქვეყანა, რომელმაც გამოზარდა მკვლელი.

ამ წყევლის ადრესატები იყვნენ სასულიერო სემინარიის რექტორის, პავლე ჩუდეცკის მკვლელი იოსებ ლაღიაშვილი და მთელი საქართველო. სწორედ ამ სიტყვების გამო, სადგურ მიხაილოვოდან (ახლანდელი ხაშური) გაუგზავნა წერილი დიმიტრი ყიფიანმა ეგზარქოს პავლეს. დიმიტრი ყიფიანი იმჟამად ქუთაისის გუბერნიის თავადაზნაურობის წინამძღოლად მსახურობდა:

ლებედევი

თქვენო უსამღვდელოესობავ! მოიღეთ ჩემზე მწყემსმთავრული მოწყალება და თუ, გატაცებული ხმებით, ვცოდავ, შემინდეთ შეცოდება, მაგრამ ეს ხმები ამბობენ, რომ თქვენ დასწყევლეთ ის ქვეყანა, რომელშიაც სამწყსოდ ხართ მოწოდებული და რომელიც ამიტომ მარტოოდენ სიყვარულსა და მოწყალებას მოელოდა თქვენგან, როგორც ქრისტეს პირველმსახურისა და წარმომადგენლისგან. იგივე ხმები, არ კმაყოფილდებიან რა თქვენი ღირსების ამგვარი შეურაცხყოფით, იმასაც ამბობენ, ვითომ თქვენ განზრახვა გქონდეთ ბოდიში მოიხადოთ სამწყსოს წინაშე იმ უუცოდვილეს სიტყვების გამო, რომელნიც თქვენ წარმოგითქვამთ. თუ ყოველივე ეს, მეუფეო, მართალია, თქვენი ხარისხის ღირსების გადარჩენა მხოლოდ იმით შეიძლება, რომ შეურაცხმყოფელი დაუყოვნებლივ გავიდეს შეურაცხყოფილ ქვეყნიდან. ამას მოგახსენებთ თქვენ წმინდა გულით და წრფელის სურვილით, თავიდან ააცილოს ქვეყანას ახალი დიდი შეცოდება, თქვენი სამწყსოს ერთი წევრი. ხოლო, თუ ყოველივე ეს მართალი არ არის, შემინდეთ მე და მიიღეთ ჩემზე თქვენი მწემსმთავრული ლოცვა-კურთხევა. თქვენი მეუფების მორჩილი მსახური დ.ი. ყიფიანი.

ესტატე მირიანაშვილის მოგონებების მიხედვით, ეგზარქოსმა პავლე ლებედევმა დიმიტრი ყიფიანს 1886 წლის 9 ივლისს ასევე წერილობით უპასუხა და უარყო ქართველი ხალხის დაწყევლის ამბავი, თუმცა საკითხი ამით არ ამოწურულა.

რუსეთის იმპერატორმა, შინაგან საქმეთა მინისტრის მოხსენების გამო, 4 აგვისტოს გამოსცა ბრძანება:

„ნამდვილი სტატსკი სოვეტნიკი“ ყიფიანი დათხოვნილ იქნეს ქუთაისის გუბერნიის თავადაზნაურობის წინამძღოლის თანამდებობიდან და საცხოვრებელ ადგილად მას დაენიშნოს ქ. კავკასიის სტავროპოლი.

„პატიმრობით დავიწყე ცხოვრება და პატიმრობით ვათავებო! უკეთეს ჯილდოს ვერც კი მოვიფიქრებდი! ერთი საუკუნეა, რაც ქართველები ცუდ კაცობისთვის იგზავნებიან ციმბირში და ჯერ იდეურად არავინ დასჯილა და დეე პირველი მერცხალი მე ვიყო!“ -უთქვამს დიმიტრი ყიფიანს გადასახლების წინ.

1887 წლის 24 ოქტომბერს, ღამით სტავროპოლში მოკლეს დიმიტრი ყიფიანი. ქართულმა საზოგადოებამ ეს ამბავი პრესის ფურცლებიდან 29 ოქტომბრიდან შეიტყო. 30 ოქტომბერს გაზეთი „ივერია“ აქვეყნებს დეპეშას, სადაც დიმიტრი ყიფიანის მკვლელობაზეა საუბარი. პირველადი ვერსიით წერენ, რომ იგი მძინარეა მოკლული, გვამს თავში მძიმე ნივთი, კერძოდ სასწორის ქვა ჰქონდა ჩარტყმული და ხელ-ფეხი შეკრული.

მისი საქართველოში ჩამოსვენების ნებართვა 29 ოქტომბრის საღამოს გასცეს. განსვენებულის ნეშტი სტავროპოლიდან 31 ოქტომბრის დილას, 08:00 საათზე გამოასვენეს, რომელსაც თან მოჰყვებოდნენ მიხეილ ზაალის ძე ყიფიანი და კოტე დიმიტრის ძე ყიფიანი. მას შემდეგ რაც დიმიტრი ყიფიანის ცხედრის სამშობლოში ჩამოსვენების ამბავი გადაწყდა, შეიქმნა მისი დამკრძალავი კომისია, რომელშიც მონაწილეობასაც იღებდნენ ილია ჭავჭავაძე, ექვთიმე თაყაიშვილი და სხვა იმდროინდელი ქართველი საზოგადო მოღვაწეები.


დიმიტრი ყიფიანი იყო კავკასიის სოფლის მეურნეობის საზოგადოების ვიცე-პრეზიდენტი. აქტიურად მონაწილეობდა ბატონყმობის გაუქმების მომზადებაში. ყიფიანი იყო თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკის, „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისა“ და „ქართული დრამატული საზოგადოების“ ერთ-ერთი დამაარსებელი. იღვწოდა საბიბლიოთეკო საქმის განვითარებისათვის.

ყიფიანის ნააზრევში ქვეყნის საზოგადოების განვითარების თაობაზე პროგრესული იდეები ჭარბობს. ყიფიანი ემხრობოდა სათავადოების საკუთრებაში მყოფი ვრცელი მამულების დანაწილების დაჩქარებას და ცალკეული მემამულეების სრულ კომლობრივ საკუთრებაში მათ გადაცემას. ყიფიანი საზოგადოებრივი ურთიერთობების ევროპულ ყაიდაზე რადიკალური გარდაქმნის მომხრე იყო.

ეროვნულ საკითხში ყიფიანისთვის ამოსავალი იყო დებულება, რომლის მიხედვითაც მხოლოდ ის ერი შეიძლება დაადგეს პროგრესის გზას, რომელიც აზროვნებს და მეტყველებს მშობლიურ ენაზე. იგი ხაზგასმით აღნიშნავდა ისტორიულ უფლებას, რომელსაც ქართველ ხალხს ანიჭებდა 1783 წლის გეორგიევსკის ტრაქტატი. დიდი იყო ყიფიანის მოღვაწეობის მნიშვნელობა ქართველი ხალხის ეროვნული შეგნების ჩამოყალიბებასა და განმტკიცებაში, მის ეროვნულ კონსოლიდაციაში. მისი სწრაფვა ქართველი ხალხის ეროვნული თვითმყოფადობის შესანარჩუნებლად და საზოგადო-პოლიტიკური და ეკონომიკური წინსვლის ფართო გზაზე გასაყვანად სრული გაგებით და მხარდაჭერით სარგებლობდა ხალხის ფართო ფენებში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები