რუპკუნდის ტბა ჰიმალაიზე – 500 ადამიანის საფლავი, რომელიც დიდ საიდუმლოს ინახავს

ჰიმალაიზე, ჩონჩხების საიდუმლო ტბაზე ადამიანები ასი წლის წინაც საუბრობდნენ. ამ წყალსაცავის ნაპირები მაღალ მთაში მდებარეობს და მოფენილია ათასობით უცნობი ადამიანის ძვლებით, რომლებიც ერთ-ერთი ლეგენდის თანახმად, განრისხებულმა ღმერთებმა მოკლეს. ვინაიდან ეს საშინელი ადგილი საკუთარი თვალით არცერთ ადამიანს არ ენახა, ამბებს მის შესახებ აღიქვამდნენ, როგორც ადგილობრივ ფოლკლორს. ასე იყო 1942 წლამდე, სანამ 5 ათასი მეტრის სიმაღლეზე არ აღმოაჩინეს ტბა, რომელსაც როპკუნდი დაარქვეს.

ქვიან სანაპიროსა და წყალსაცავის ფსკერზე ექსპედიციამ 500 ადამიანის ცხედარი აღმოაჩინა. ძვლების წინასწარი შესწავლის თანახმად, ყველა მათგანი ერთდროულად, ერთი და იმავე მიზეზის შედეგად დაიღუპა, ძალიან დიდი ხნის წინ. როგორ მოხვდა 5 ათასი მეტრის სიმაღლეზე ამდენი ადამიანი ერთდროულად, როდესაც იქ ასვლას თანამედროვე ალპინისტებიც კი ვერ ახერხებენ და რამ გამოიწვია მათი სიკვდილი?

ეს გამოცანა, საკუთარი სიძველის გამო, გაცილებით ძნელი ამოსახნელია, ვიდრე დიატლოვის უღელტეხილზე მომხდარი ცნობილი ტრაგედია. მიუხედავად ყველაფრისა, ამ კატასტროფული შემთხვევის მიზეზი მაინც დადგენილია, თუმცა მეცნიერებს ჯერჯერობით ბევრი რამის ახსნა არ შეუძლიათ.

ნანდა-დევის ეროვნული პარკი – ეს არაჩვეულებრივი ადგილია ჩრდილოეთ ინდოეთში, რომელიც დასავლეთ ჰიმალაის მიეკუთვნება. აქ დაბურული ტყეებია, ალპური მინდვრები და გასაოცარი მყინვარები, რომლებიც დღემდე ისე გამოიყურება, როგორც ათასი წლის წინ. აქ შავი დათვის ნახვაც შეიძლება და თოვლის ლეოპარდისაც, მაგრამ ადამიანის – ძალიან იშვიათად.

ამ ადგილმა პირვანდელი სახეც ზუსტად იმიტომ შეინარჩუნა, რომ ის ძალიან ძნელად მისადგომია და მუდმივი მოსახლეობის არსებობაც გამორიცხულია. აქ მხოლოდ პარკის ზედამხედველების ნახვა შეიძლება, ვინც წესრიგს ინარჩუნებს და სამეცნიერო დაკვირვებებს აწარმოებს. სწორედ ერთ-ერთმა მათგანმა, ჰარი კიშან მადვალმა აღმოაჩინა ჩონჩხების ტბა 1942 წელს, პარკის დათვალიერებისას.

ტბა ძალიან პატარაა და მისი სიღრმე სულ რაღაც 2 მეტრია. როგორ მოხდა ისე, რომ ზედამხედველს, რომელმაც ტერიტორია საკუთარი ხუთი თითივით უნდა იცოდეს, არასდროს უნახავს ეს ტბა?

საქმე იმაშია, რომ ასეთ სიმაღლეზე მდებარეობის გამო, ტბის ნახვა მხოლოდ წელიწადის ერთ თვეს შეიძლება, როდესაც თოვლი დნება და ტბა ყინულისგან თავისუფლდება.

მადვალი არ იყო გაოცებული ნაპოვნი ტბით, ვინაიდან კარგად იცოდა ადგილობრივი თქმულება ჩონჩხებით სავსე ტბის შესახებ. სავსებით შესაძლებელია, რომ ის მცირედი მოსახლეობა, რომელიც დაცული ტერიტორიის მახლობლად არის დამკვიდრებული, რაღაც მიზეზის გამო, ოდესღაც 5020 მეტრის სიმაღლეზე ავიდა…

ჰიმალაელებს ადამიანის ჩონჩხის პოვნით ნამდვილად ვერ გააოცებთ, მაგრამ ბუნებრივია, რომ ერთ ადგილას ამ რაოდენობის ჩონჩხის პოვნამ გარკვეული მითები და ლეგენდები წარმოშვა. ყველაზე ხშირად სოფლების მოსახლეობა ჰყვება ქალღმერთ ნანდა-დევის შესახებ, რომლის სახელიც ჰქვია მთას და პარკს. ისინი ამბობენ, რომ ქალღმერთმა 500 ადამიანი მოკლა იმის გამო, რომ ისინი მის ტერიტორიაზე დაუკითხავად და უპატივცემულოდ შეიჭრნენ.

აღსანიშნავია, რომ მაღალმთიანი კლიმატის გამო, ჩონჩხების გარკვეულ ნაწილებში ადამიანის ხორცის ფრაგმენტები შენარჩუნდა. იქვე ნაპოვნი იქნა ტყავის ტანსაცმლის ელემენტები, ასევე ხის და რკინის იარაღი. 30 ყველაზე კარგად შენარჩუნებული გვამი მეცნიერებმა შეფუთეს და ლაბორატორიაში გადაასვენეს შესასწავლად.

ჰაიდარაბადის ბიოლოგიურ ცენტრში ჩატარებულმა კვლევითმა ანალიზმა აჩვენა, რომ ადამიანები იმ ტბასთან, დაახლოებით, 850 წელს აღმოჩნდნენ. მეცნიერების დასკვნით, დაღუპულებიდან 30% ადგილობრივი მოსახლეობა იყო, ხოლო დანარჩენები იმ დროის ირანის ტერიტორიის მკვიდრნი.

2015 წელს 82 ადამიანის ჩონჩხი იქნა შესწავლილი, რამაც სრულად დაადასტურა დაღუპულების უმრავლესობის შუა აზიური წარმომავლობა. მეცნიერებმა შეძლეს და საბოლოოდ დაადგინეს, რომ ყველა მათგანს თავის ქალის დაზიანება ჰქონდა. უმრავლესობა დარწმუნებული იყო, რომ ისინი ზვავის ან კლდიდან ქვების ცვენის შედეგად დაიღუპნენ, მაგრამ პუნას უნივერსიტეტის ანთროპოლოგიის კათედრის ხელმძღვანელმა, სუბჰაშ ვალიმბემ ეს ვერსია უარყო.

მისი თქმით, ყველა ტრავმა თავის ქალაზე, ნეკნებსა თუ ლავიწებზე დაღუპულებს ბურთის ფორმის მქონე საგანმა მიაყენა, რომლის დიამეტრიც 8-9 სანტიმეტრია. საბრძოლო შეტაკება მოხდა? არა, ყველაფერი უფრო მარტივადაა – 500 ადამიანი მაღალ მთაში სეტყვამ იმსხვერპლა. ცხადია, რომ ეს არ იყო ჩვეულებრივი სეტყვა.

ასეთი მომაკვდინებელი ნალექი იშვიათია, მაგრამ მას მხოლოდ მაღალმთიან რაიონებში როდი შევხვდებით. უახლოესი შემთხვევებიდან შესაძლოა გავიხსენოთ ბანგლადეში, 1986 წელი… მაშინ გრეიფრუტის ზომის სეტყვამ 92 ადამიანი მოკლა. ყველაზე საშინელ მოვლენად კი ითვლება 1888 წელს ინდოეთის შტატ უტარ პრადეშში ციდან ჩამოვარდნილი ყინულის ნალექი, რომელმაც 230 ადამიანი იმსხვერპლა.

500 ადამიანის ეთნიკურობა და მათი სიკვდილის მიზეზი უკვე გარკვეულია, მაგრამ დღემდე უცნობი რჩება, თუ რა დანიშნულებით ავიდნენ ისინი მთაზე.

ჰიმალაის ულამაზესი პეიზაჟების სტუმრობის მსურველი ძალიან ბევრია, მაგრამ კიდევ უფრო ბევრ ტურისტს სურს შეეხოს ჩონჩხების ტბის იდუმალებას და თავად ამოიცნოს მისი საიდუმლო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები