ორი ადამიანი ერთ სხეულში – სიამის ტყუპები, რომლებმაც სრულფასოვნად შეძლეს ცხოვრება

​წარსულში ითვლებოდა, რომ სიამის ტყუპების დაბადება მსოფლიოს აღსასრულის მომასწავებელია, ამიტომ ადამიანებს, საერთო სხეულებით, მსხვერპლად სწირავდნენ ღმერთებს ან უბრალოდ, თავიდან იშორებდნენ მათ. მოგვიანებით. სიამის ტყუპებს, რომელთა განცალკევება შეუძლებელი იყო, ერთადერთი გზა ჰქონდათ – ცირკი და ხალხის გართობა. მიუხედავად ყველაფრისა, რამდენიმე წყვილმა მაინც მოახერხა ბედნიერი ცხოვრების გატარება.

როზა და ჟოზეფა ბლაჟეკი

დები ბოჰემიიდან (ჩეხეთიდან) 1878 წელს დაიბადნენ. მათი განცალკევება შეუძლებელი იყო. როზას და ჟოზეფას მშობლები ძალიან შეშინდნენ და თავიდან გადაწყვიტეს, რომ უბრალოდ არ აჭმევდნენ დებს და ისინი შიმშილისგან გარდაიცვლებოდნენ. ცნობილი არ არის, რატომ გადაიფიქრეს, მაგრამ როზა და ჟოზეფა გაიზარდნენ. ვინაიდან ჩვეულებრივ ბაშვებთან ერთად მათთვის სწავლა ძნელი იყო, მშობლებმა არჩიეს, რომ ისინი მუსიკითა და როგორი უცნაურიც არ უნდა იყოს, ცეკვით დაკავებულიყვნენ. დები ვიოლინოსა და არფაზე უკრავდნენ და მართლაც შეეძლოთ ცეკვა, თანაც ორივეს ცალ-ცალკე პარტნიორთან. ისინი რეგულარულად გამოდიოდნენ სცენაზე და წარმატებასაც მიაღწიეს. შემდეგ როზას შეუყვარდა…

მისი რჩეული გერმანელი ოფიცერი გახდა, რომელმაც კინაღამ აჩხუბა დები ერთმანეთთან. როზასა და ჟოზეფას გარეთა სასქესო ორგანო საერთო ჰქონდათ, ამიტომ ინტიმურ ცხოვრებაზე თავიდან საუბარიც არ იყო. მოგვიანებით, ჟოზეფამ მისცა დას უფლება, საყვარელ ადამიანთან ყოფილიყო. შემდეგ მოხდა ის, რასაც არავინ ელოდა; როზა დაფეხმძიმდა, დიახ ზუსტად როზა და არა ჟოზეფა. ორივე დას ცალ-ცალკე საშვილოსნო ჰქონდათ.ბავშვი აბსოლუტურად ჯანმრთელი იყო, რომელსაც დებმა ერთად აჭამეს ძუძუ, ვინაიდან რძე ორივეს ჰქონდათ. ამასთანავე, იურიდიულად ისინი ორივე ითვლებოდნენ ბავშვის დედებად. ბავშვის მამა, სამწუხაროდ, ომში დაიღუპა.

მოგვიანებით, როზასა და ჟოზეფას ჰქონდათ რომანები, ერთ-ერთი და გათხოვებასაც აპირებდა, მაგრამ მათ ამის უფლება არ მისცეს, ვინაიდან ეს ორცოლიანობად ჩაითვლებოდა. მიუხეადავად ყველაფრისა, დები ეზიარნენ როგორც სიყვარულს, ისე დედობრივ ბედნიერებას.

როზა და ჟოზეფა 1922 წელს გარდაიცვალნენ. ჟოზეფას სიყვითლე ჰქონდა, მაღალი ბილირუბინი. ექიმებმა როზას განცალკევება შესთავაზეს, რათა ის მაინც გადაერჩინათ, მაგრან როზამ უარი განაცხადა.

„თუკი ჟოზეფა მოკვდება, მეც მინდა მოვკვდე“,- თქვა მან.

ებიგეილი და ბრიტანი ჰენსელები

ამ დროისთვის ცოცხალი და ყველაზე ცნობილი სიამის ტყუპები – დები ებიგეილი და ბრიტანი ჰენსელები – აშშ-დან არიან. ეს იშვიათი შემთხვევაა, როდესაც ტყუპები გადარჩნენ და სრულფასოვანი ცხოვრებით ცხოვრობენ: დებს ორი თავი, ორი ტანი, ორი ხელი, ორი ფეხი და სამი ფილტვი აქვთ. გული და კუჭი ორივეს საკუთარი, მაგრამ სისხლის მიმოქცევა საერთო აქვთ. ზურგის ორივე ტვინი ერთ მენჯში ბოლოვდება და წელს ქვევით ყველა ორგანო საერთო აქვთ. ამ ყველაფერთან ერთად, ისინი ახერხებენ სრულფასოვანი ცხოვრებით ცხოვრებას.

ორივე და სხეულის საკუთარ ნაწილს აკონტროლებს, მაგრამ ბრიტანიმ და ებიგეილმა ისეთი სიზუსტით ისწავლეს მოძრაობების კოორდინაცია, რომ შეუძლიათ სირბილი, ცურვა, ველოსიპედით გადაადგილება და მანქანის მართვაც კი. გოგონები, ჩვეულებრივ, სკოლაში სწავლობდნენ და ბავშვობაში ორივე ოცნებობდა, ექიმი გამხდარიყო. მშობლები ყველანაირად უწყობდნენ ხელს გოგონების ყველა გატაცებას, ამიტომ ბრიტანი და ებიგეილი თავს გარიყულად არ გრძნობდნენ: ისინი არასდროს იმალებოდნენ სახლში და ცდილობდნენ ყურადღება არ მიექციათ უცხოთა დაჟინებული მზერისთვის. შედეგად, გოგონები მართლაც სრულფასოვნად ცხოვრობენ, ჰყავთ ბევრი მეგობარი და ბევრი ჰობიც გააჩნიათ.

გარდა ამისა, მათ დაამთავრეს უნივერსიტეტი მათემატიკის მასწავლებლის სპეციალობით და ორივემ მიიღო ლიცენზია. ისინი სამსახურშიც მოეწყვნენ, მაგრამ, აი, ხელფასი კი, ორივეს საერთო აქვს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები