მიხეილ სარჯველაძე: თუკი 5-6 წლის წინ, ონკოლოგიაზე დანახარჯების ბიუჯეტი 50 მილიონი იყო, დღეს ეს რამდენჯერმე გაზრდილია და 300-350 მილიონს აღემატება – ეს დიდი ამბავია პაციენტებისთვის, მათ აქვთ განცდა, რომ შეუძლიათ იმედიანად იყვნენ

ვცდილობთ, რომ უზრუნველყოთ პაციენტისთვის მკურნალობის საუკეთესო მეთოდოლოგია. ერთია ამის არსებობა სახელმწიფოში, მეორე – ფინანსური ხელმისაწვდომობა. ორივე მიმართულებით არის ძალიან კარგი ინიციატივები, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მინისტრმა უპასუხა კითხვას – დღეს კიბოსთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა – რას აკეთებს ამ თვალსაზრისით ხელისუფლება?

„თვითონ კლინიკური სექტორი ძალიან ვითარდება, დაწყებული აპარატურითა და მედიკამენტების მომარაგებით, დამთავრებული ექიმების კვალიფიკაციით. ფინანსური ხელმისაწვდომობის კუთხითაც არანორმალურად გაზრდილია, რამდენჯერმე გაზრდილია დაფინანსების მოდელი. თუკი ხუთი-ექვსი წლის წინ, სულ 50 მილიონი იყო ბიუჯეტი ონკოლოგიაზე დანახარჯების, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს რამდენჯერმე გაზრდილია დღეს და 300-350 მილიონს აღემატება. ეს დიდი ამბავია პაციენტებისთვის და პაციენტებს რეალურად აქვთ განცდა, რომ შეუძლიათ იმედიანად იყვნენ“, – აღნიშნა სარჯველაძემ.

მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ადრეული დიაგნოსტიკისა და ვაქცინაციის მნიშვნელოვან როლზე კიბოსთან ბრძოლისა და პრევენციის კუთხით.

„მეორე მიმართულებაა სკრინინგისა და ვაქცინაციის მიმართულება. მაგალითად პაპილომა ვირუსის წინააღმდეგ აცრა – როგორ ცნობილია 90-ზე ზევით არის პროცენტის მაჩვენებელი საშვილოსნოს ყელის კიბოს გამომწვევ მიზეზთა შორის პაპილომა ვირუსი. აცრა კონკრეტულ ასაკში აზღვევს ამ ვირუსის გავრცელებისგან 90 პროცენტზე მაღალი ალბათობით. ეს ნიშნავს იმას, რომ რესურსი არსებობს ამ აცრებით, რომ პრაქტიკულად ეს პრობლემა გადაიჭრას ერთხელ და სამუდამოდ. ამას წახალისება სჭირდება.

კიბოს შემთხვევაში ადრეული დიაგნოსტიკა პრაქტიკულად ნიშნავს უდავო განკურნებას. არის პოზიტიური დინამიკა, უბრალოდ ეს არ არის ის თემა, რომელზედაც ოდესმე შეიძლება კმაყოფილი ვიყო. ყოველთვის მინდა მეტი, ტემპი არ არის ისეთი, რომელსაც ვისურვებდი რომ იყოს. საზოგადოებას ვერ ვაიძულებთ აცრას, ან სკრინინგზე მისვლას, მაგრამ გარკვეული მექანიზმები რომ უნდა შემოვიდეს, ამაში დარწმუნებული ვარ. პირველ და მეორე სტატიაზე იდენტიფიცირებული კიბო, პრაქტიკულად ეს არის უპრობლემოდ მართვადი. რაც შეეხება მესამე-მეოთხეს – ეს შედარებით ართულებს ამოცანას, თუმცა იქაც ძალიან კარგი მაჩვენებლები გაჩნდა“, – განაცხადა სარჯველაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები