ეროვნული ბიბლიოთეკის წიგნის მუზეუმში გაიხსნა გამოფენა – აღმოსავლეთის ქვეყნებში ევროპელთა ზღაპრული მოგზაურობის ამბებზე
ეროვნული ბიბლიოთეკის წიგნის მუზეუმში გაიხსნა გამოფენა, რომელიც აღმოსავლეთის ქვეყნებში ევროპელთა ზღაპრული მოგზაურობის ამბებს გვიყვება.
ეროვნული ბიბლიოთეკის ინფორმაციით, დროებით ექსპოზიციაზე, რომელიც წიგნის მუზეუმის მუდმივმოქმედი გამოფენის პარალელურად არის მოწყობილი, წარმოდგენილია XIX საუკუნის დასაწყისში სხვადასხვა ევროპულ ენაზე დაბეჭდილი იშვიათი გამოცემები ეროვნული ბიბლიოთეკის იშვიათ გამოცემათა ფონდიდან.
ევროპელი მოგზაურების გზა აღმოსავლეთისკენ ხშირად საქართველოზე გადიოდა და ეს ცალკეულ გამოცემებში საგანგებოდაა აღნიშნული. მაგალითად, მოგზაურ ფრეიგანგის წიგნს, რომელიც 1817 წელსაა გამოცემული, ეწოდება „მოგზაურობა კავკასიასა და საქართველოში“.
წიგნებში მოთხრობილია ევროპელი მოგზაურების მიერ აღწერილი ამბები თურქეთზე, სირიაზე, ეგვიპტეზე, ქალაქ ქაბულზე, კორეაზე და ა. შ.
დამთვალიერებლების ყურადღებას აუცილებლად მიიქცევს ილუსტრაციები, რომლებიც საინტერესო ამბებს ერთვის თან. გამოცემების გამორჩეულ პოლიგრაფიაზე მეტყველებს გრავიურები, რომელთა დიდი ნაწილი ხელითაა გაფერადებული. აღმოსავლეთისთვის დამახასიათებელი ჭრელი, ხასხასა ფერები თითქმის უცვლელადაა შემორჩენილი, რაც ექსპოზიციას კიდევ უფრო შთამბეჭდავს ხდის. აქვე ვხვდებით რუკებსაც, რომლებზეც ასახულია ქვეყნები, სადაც წიგნების ავტორებმა იმოგზაურეს.
ამ საინტერესო გამოფენის პარალელურად ეროვნული ბიბლიოთეკის წიგნის მუზემის დამთვალიერებელი გაეცნობა პირველ ქართულ გამოცემებს, მეფე ვახტანგ VI-ის მიერ დაბეჭდილ წიგნებს, ილია ჭავჭავაძის პირად ბიბლიოთეკას, „ვეფხისტყაოსნების“ უნიკალურ კოლექციას და სხვა.
