თეიმურაზ მღებრიშვილი იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს წარმომადგენლებს შეხვდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი – თეიმურაზ მღებრიშვილი დღეს იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA) აღმოსავლეთ და ცენტრალური აზიისა და კავკასიის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეს – იუმიკო ჰორივაკის და ამავე დეპარტამენტის პროგრამების ოფიცერს – კანე სუზუკის შეხვდა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოსთან (JICA) თანამშრომლობის ფარგლებში წარდგენილი საპროექტო განაცხადის დეტალები განიხილეს, რომლის მიხედვითაც განსაზღვრულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისთვის 40 სახანძრო მანქანისა და 2 სახანძრო კიბის გადმოცემა, ასევე, 2 სახანძრო განყოფილების მშენებლობა.
“საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელმა, თეიმურაზ მღებრიშვილმა იაპონელ პარტნიორებს დეტალურად გააცნო სამსახურის საქმიანობა და არსებული გამოწვევები. იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს წარმომადგენლობა პროექტის საჭიროებას განსაზღვრავს, რის შემდეგაც სამომავლო გეგმები დაისახება. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საქართველოში იაპონიის საერთაშორისო სააგენტოს მუდმივი წარმომადგენელი იუკიჰიკო ერიჯი, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოადგილე – ლევან ღირსიაშვილი და უწყების საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს უფროსი – ნინო ბარქაია. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური იაპონურ მხარესთან აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა მიმართულებებით.

იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს მხარდაჭერით 2019 წელს სამსახურის ორი თანამშრომელი იაპონიაში სამაშველო და სახანძრო ტექნიკის სამთვიან კურსზე იმყოფებოდა. კურსის დასრულების შემდგომ, ქართველმა მონაწილეებმა მცირე გრანტის მოპოვების მიზნით წარადგინეს პროექტი, რის საფუძველზეც JICA-მ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისთვის სახანძრო და სამაშველო აღჭურვილობა შეიძინა. გარდა ამისა, იაპონიის საელჩოს მხარდაჭერით საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს 2018 წელს სახანძრო-სამაშველო ავტოკიბე, 2019 წელს ორი სახანძრო მანქანა გადმოეცა. მიმდინარე წლის მაისში კი საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს იაპონიის საელჩოს მხარდაჭერით კიდევ ერთი სახანძრო-სამაშველო ავტოკიბე გადმოეცემა”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები