ანა ნაცვლიშვილი: პოლიტიკური შეთანხმების მიღწევა აუცილებელია
„ლელოს“ წევრის, ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, პოლიტიკურ მხარეებს შორის შეთანხმების მიღწევა აუცილებელია.
მისივე თქმით, შეთანხმება ერთადერთი ჯანსაღი ალტერნატივაა იმისთვის, რომ ქვეყანა კრიზისიდან გამოვიდეს.
„ლელო“ ყველა ძალისხმევას დებს იმაში, რომ მოლაპარაკების ფორმატმა იცოცხლოს და კონკრეტულ, ქვეყნისთვის სასიკეთო შედეგს მიაღწიოს, რაც ფართო პოლიტიკურ შეთანხმებაში უნდა გამოიხატოს. ჩვენთვის პრინციპულია, პრეზიდენტ მიშელის მიერ განსაზღვრული ექვსპუნქტიანი ჩარჩო დოკუმენტი და ყველა ის საკითხი, რომელიც ამ ჩარჩო დოკუმენტში იქნა დასმული, გახდეს შეთანხმების საგანი. ამ საკითხების რეალიზება რა ფორმებს მიიღებს, ამაზე მსჯელობა მიმდინარეობდა და გრძელდება, მაგრამ პრინციპულია, რომ ის ღირებულებები, ის თემები, რაც პრეზიდენტ მიშელის ექვსპუნქტიან დოკუმენტში დასმული იქნა, ამ პუნქტებამდე მივიდეთ. მისასვლელი გზები, ტაქტიკა არის განხილვის საგანი. ხედავთ, რომ ამაზე შეიძლება, მხარეებს შორის არსებობდეს აზრთა მკვეთრი სხვაობა, თუმცა, ჩვენ ყველა იმ საკითხზე უნდა შევთანხმდეთ, რომელიც პრეზიდენტ მიშელის ექვსპუნქტიან დოკუმენტში დაისვა. „ლელო“ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ძალიან ინტენსიურად მუშაობს. ფაქტობრივად, ყოველდღიური და ყოველსაათობრივი ურთიერთობა გვაქვს მათთან. პოლიტიკური შეთანხმების მიღწევა აუცილებელია. ესაა ერთადერთი ჯანსაღი ალტერნატივა იმისა, რომ ქვეყანა ამ კრიზისიდან, რომელშიც შეგვიყვანა ხელისუფლების მიერ არჩევნების ჯიბეში ჩადებამ, გამოვიდეს. ჩვენ უნდა მივაღწიოთ იმას, რომ როგორმე ეს კრიზისი განიმუხტოს, რადგან კრიზისის განმუხტვისთვის რეალური შეთანხმება გვჭირდება“, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.