ბიძინა კულუმბეგოვი: თუ ჩინური ვაქცინა ჯანმო-ს აკრედიტაციას ვერ მიიღებს, საქართველო მას არ გამოიყენებს
ალერგოლოგ-იმუნოლოგის, ბიძინა კულუმბეგოვის განცხადებით, თუ ჩინური ვაქცინა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის აკრედიტაციას ვერ მიიღებს, საქართველო მას არ გამოიყენებს.
“მსოფლიოში ვაქცინების ხელმისაწვდომობა შეზღუდულია. ვაქცინების უზარმაზარი რაოდენობა მოდის რამდენიმე ქვეყანაზე, მსოფლიოს უდიდეს ნაწილს აქვს ჩინური, ინდური და რუსული ვაქცინები დარჩენილი, ამიტომ, ეს ვითარება არის რთული. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ამა თუ იმ ვაქცინას ექნება თუ არა საერთაშორისო ავტორიტეტული ორგანიზაციის აღიარება. თუ არ იქნება მონაცემები დამაიმედებელი – ჯანმო-ს აკრედიტაციას, რასაკვირველია, ვერ მიიღებს, ამ შემთხვევაში ჩვენი ქვეყანა ამ ვაქცინას არ გამოიყენებს”, – აღნიშნა ბიძინა კულუმბეგოვმა.
ცნობისთვის, ჩინეთის დაავადებთა კონტროლის ცენტრი უარყოფს ჩინური ვაქცინების არაეფექტურობის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას. უწყება ირწმუნება, რომ მათ განცხადებას არასწორი ინტერპრეტაცია მოჰყვა, რეალურად კი საუბარი იყო იმაზე, რომ მეცნიერები ვაქცინის ეფექტურობის გასაუმჯობესებლად მუშაობენ და ეს არ ნიშნავს იმას, რომ ვაქცინა ინფექციის საწინააღმდეგოდ გამოუსადეგარია.