“სახელმწიფო მინისტრის აპარატი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს აფხაზეთის მიმართულებით საოკუპაციო ხაზთან დღეს მომხდარ ტრაგიკულ ფაქტთან დაკავშირებით”

“ვუსამძიმრებთ გარდაცვლილთა ოჯახებსა და მათ ახლობლებს”, – ამის შესახებ სახელმწიფო აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, რომელიც ენგურში მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება.
“პირველ ყოვლისა, ეს არის უდიდესი ადამიანური ტრაგედია, რომელიც კიდევ ერთხელ გვაჩვენებს ოკუპაციის რეალურ სახეს. საოკუპაციო ხაზი უკვე მრავალი წელია, ხელოვნურად აშორებს გამყოფი ბარიკადების ორივე მხარეს მცხოვრებ ადამიანებს, რამაც წარსულშიც, თავისუფალი გადაადგილების უკანონო შეზღუდვის შედეგად, საუბედუროდ, არაერთი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. საქართველოში მიმდინარე ოკუპაციის შედეგად, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში დღემდე უხეშად ირღვევა ადამიანის ფუნდამენტური უფლებები და ჩვენი მოქალაქეების ძირითადი თავისუფლებები, რაზეც სრული პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის საოკუპაციო ძალას და რაც უკვე სამართლებრივად აღიარებულია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. სახელმწიფო მინისტრის აპარატი, საქართველოს შესაბამის უწყებებსა და საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, ყველა ადგილობრივი და საერთაშორისო ინსტრუმენტისა და ფორმატის გამოყენებით, განაგრძობს ინტენსიურ ძალისხმევას, რათა დასრულდეს რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის უკანონო ქმედებები და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობისთვის უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ღირსეული პირობები და უსაფრთხო გარემო, მათ შორის, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი თავისუფალი გადაადგილების უფლება. ვუსამძიმრებთ გარდაცვლილთა ოჯახებსა და მათ ახლობლებს”, – აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები