ქალაქი-მოჩვენება ვაროშა, სადაც დრო 47 წლის წინ გაჩერდა
თოკებზე ტანსაცმელია ჩამოკიდებული, ქვავებებში საჭმელი ლპება, ქუჩაში მიტოვებული ველოსიპედები გდია…
47 წლის წინ ვაროშას კვარტალში უეცრად დრო გაჩერდა. ოდესღაც აყვავებული ქალაქი ახლა საშინელებათა ფილმს ჰგავს.
ოქროს ქვიშიანი სანაპიროები, მიტოვებული სასტუმროები, სადაც ახლა მხოლოდ ბუნება და ჯარისკაცები „მეფობენ“, რომლებიც ქუჩებში პატრულირებენ. ასე გამოიყურება ახლა მსოფლიო დონის კურორტი. კვიპროსზე, ქალაქ ფამაგუსტას კვარტალ ვაროშაში 1970-იან წლებში მდიდარი და ცნობილი ხალხი იყრიდა თავს. ისეთი ცნობილი ადამიანები, როგორებიც არიან: ელიზაბეთ ტეილორი, ბრიჯიტ ბარდო და სხვები. იმისთვის, რომ ტურისტული ზონა მუდმივად პოპულარული ყოფილიყო, აქ სასტუმროები და მრავალსართულიანი შენობები აშენდა.
მრავალწლიანი ეთნიკური დაპირისპირების შემდეგ, რომელიც გადატრიალებით დასრულდა, თურქეთი კვიპროსზე შეიჭრა და კუნძულის დიდი ნაწილი დაიკავა. კუნძულის მოსახლეობის ბერძნული ნაწილი თვლიდა, რომ თურქული ჯარის უეცარი შემოჭრა დროებითი იქნებოდა. კუნძულის მოსახლეობა იმედს იტოვებდა, რომ კონფლიქტი მალე აღმოიფხვრებოდა და ისინი საკუთარ სახლებში შეძლებდნენ დაბრუნებას. ეს 1974 წლის ზაფხულს მოხდა.
მოსახლეობა ისეთი სისწრაფით ტოვებდა ქალაქს, რომ ქუჩებში ყველგან მათი ნივთები ეყარა. უზარმაზარი შენობები, სადაც კარები ნახევრად ღიაა და ძირს ბავშვების სათამაშოები ყრია – პოსტაპოკალიფსურ კოშმარს ჰგავს. ქალაქი დღემდე თურქების დაქვემდებარებაშია და იქ შესვლა მკაცრად აკრძალულია.
ავტოფარეხებში დღემდე დგას 1970-წლიანი ვინტაჟური ავტომობილები. შენარჩუნდა ძველი ე.წ. ბუტიკები მანეკენებით და დისკოს ეპოქის ტანისამოსი. ქალაქის ინფრასტრუქტურა დროთა განმავლობაში ნადგურდება. ფოტოგრაფები, რომლებიც ქალაქში იპარებიან, საკუთარ ფოტოებს არ აქვეყნებენ. მათ ეშინიათ. ვაროშა, საკუთარი წარსული დიდებით, დღეს ქალაქ-მოჩვენებად იქცა ხმელთაშუა ზღვაში.