ეკატერინე ტიკარაძე: „სინოფარმის“ ვაქცინით 40 მილიონზე მეტი ადამიანია აცრილი და მის სანდოობაზე კითხვები არ ისმის
“უკვე 40 მილიონზე მეტი ადამიანია „სინოფარმით“ აცრილი, მის სანდოობაზე კითხვები არ ისმის”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.
მინისტრმა მადლობა გადაუხადა ყველა იმ უწყებას, რომელმაც „სინოფარმის“ ვაქცინის საქართველოში შემოსატანად იმუშავა.
„მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ჩინეთის საელჩოსა და ჩინეთის სახელმწიფოს გაწეული თანამშრომლობისთვის. ასევე, მადლობა საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ჩვენს ელჩებს. დიდია შრომა, რომელიც საქართველოს ჩინური ვაქცინის მისაღებად დასჭირდა. საქართველოში შაბათს „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა ჩამოვიდა. ასევე, დიდი მადლობა მინდა, გადავუხადო უნგრეთის სახელმწიფოს. ჩვენ ვიცით, რომ სწორედ ამ ქვეყნის მკაცრი მარეგულირებლის მიერაა „სინოფარმი“ აღიარებული და ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ის საქართველოშიც შემოგვეტანა. უკვე 40 მილიონზე მეტი ადამიანია მისით აცრილი. შესაბამისად, მის სანდოობაზე კითხვები არ ისმის. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციიდან ის ელოდება ავტორიზაციას. ამასთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს მიმოწერა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციასთან, რის შედეგადაც საბჭოსთან მსჯელობის შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას, თუ როდის იქნება ვაქცინაცია ჩინური ვაქცინით საქართველოში შესაძლებელი”, – განაცხადა მინისტრმა.