ძიძას, რომელმაც მოსკოვში ბავშვს თავი მოაჭრა, მალე გაათავისუფლებენ – რა მოხდა 5 წლის წინ
„გამოჯანმრთელდა და საფრთხეს აღარ წარმოადგენს“, – უახლოეს დღეებში, მედიის ცნობით, საავადმყოფოდან გიულჩერხა ბობოკულოვას გამოუშვებენ, რომელიც ხუთი წლის წინ სასტიკად გაუსწორდა 4 წლის გოგონას. მიუხედავად იმისა, რომ გოგონას მშობლები მის ციხეში ჩასმას ითხოვდნენ, ძიძა გაათავისუფლეს სასჯელისგან და იძულებით მკურნალობაზე გაგზავნეს.
როგორც სასამართლოს პრაქტიკა გვიჩვენებს, ასეთი გადაწყვეტილებები იშვიათი არაა. რის საფუძველზე იღებენ ასეთ გადაწყვეტილებებს და რა ხდება მაშინ, თუკი ისინი ბოლომდე არ განიკურნენ?
2016 წლის 29 თებერვალს ბობოკულოვა, რომელიც უზბეკეთიდან მოსკოვში ჩავიდა, ძიძად მუშაობდა მეშერიაკოვების ოჯახში. მან მათი ოთხი წლის ქალიშვილი გაგუდა, სამზარეულოს დანით მოაჭრა თავი, ბინას ცეცხლი წაუკიდა და ტაქსით წავიდა მეტროსადგურ „ოქტომბრის ველზე“.
იქ უცნაურმა ქალმა პოლიციელის ყურადღება მიიპყრო, მას საბუთების ჩვენება მოსთხოვეს.
საბუთების მაგივრად, ქალმა პარკიდან ბავშვის თავი ამოიღო. გამოაცხადა, რომ თვითმკვლელი ტერორისტია და აფეთქებით დაიმუქრა. სანამ ძალოვანებმა რაიონი გადაკეტეს და ფიქრობდნენ, როგორ გაეუნებელყოფებინათ ქალი, ის ბავშვის თავს აქეთ-იქით იქნევდა და რელიგიურ ლოზუნგებს ჰყვიროდა. ნახევარი საათის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ის იტყუებოდა. ქალი დააკავეს და პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. დაკითვაზე ბობოკულოვამ განაცხადა, რომ ბავშვი „ალაჰის ბრძანებით“ გაგუდა, რომელიც მას გონებაში ჩაესმა.
ის მკვლელობაში დამნაშავედ ცნეს და, სასამართლოს გადაწყვეტილებით, ციხეში გაგზავნეს. საგამოძიებო კომიტეტის ვარაუდით, ქალი შესაძლოა, რომელიმე ტერორისტული დაჯგუფების წევრი ყოფილიყო და თანამზრახველები ჰყოლოდა. გამოძიებამ აჩვენა, რომ მსგავსი კავშირი მას არავისთან არ ჰქონია, მაგრამ ფსიქიკური პრობლემები გააჩნდა. ძიძას მწვავე შიზოფრენია ჰქონდა და ჯერ კიდევ 2003 წელს აღრიცხვაზე იყო ფსიქონევროლოგიურ დისპანსერში.
ექსპერტიზამ ბობოკულოვა შეურაცხადად ცნო, ხოლო მოსკოვის სასამართლომ იგი სასჯელისგან გაათავისუფლა და იძულებით მკურნალობაზე გააგზავნა ინტენსიური დაკვირვების სტაციონარში სრულ გამოჯანმრთელებამდე.
ბობოკულოვას შემთხვევა პირველი არ არის – დამნაშავეები ფსიქიკური აშლილობის დიაგნოზით, როგორც წესი, დაუსჯელები რჩებიან და ციხის მაგივრად სამედიცინო დაწესებულებებში ხვდებიან. როგორც წესი, იქ ისინი გაცილებით ნაკლებ დროს ატარებენ, ვიდრე – ციხეში, ხოლო ინტენსიური კურსის გავლის შემდეგ საზოგადოებაში ბრუნდებიან.
ყოველ ექვს თვეში ერთხელ მედიკოსთა კომისია პაციენტებს იკვლევს და წყვეტს, გამოჯანმრთელდნენ ისინი თუ არა. თუკი, მედიკოსების დასკვნით, დაავადება პროგრესირებადია და ადამიანი ჯერ კიდევ საფრთხეს წარმოადგენს, მაშინ მკურნალობა გრძელდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, მას გარეთ უშვებენ.
მკურნალობის დასრულების შემდეგ, ყოფილი პაციენტები მკაცრი სამედიცინო დაკვირვების ქვეშ იმყოფებიან – ისინი რეგულარულად უნდა ეწვიონ ექიმს და მიიღონ მედიკამენტები. ბევრი ფსიქიკურად დაავადებული ადამიანი ბოლომდე განუკურნებელია, მათი მდგომარეობა ნებისმიერ დროს შეიძლება, გამწვავდეს. არსებობს ბევრი შინაგანი და გარეგანი ფაქტორი, რომელიც მენტალურ ჯანმრთელობაზე მოქმედებს: წელიწადის დროის შეცვლა, ავიტამინოზი, ჰორმონალური ფაქტორი და სხვ.
2011 წელს ასტრახანში მიხეილ ელისნკი სასტიკად გაუსწორდა მაღაზიის გამყიდველს. მას შიზოფრენიის დიაგნოზი ჰქონდა და შესაბამისად, სამკურნალოდ გააგზავნეს. გარკვეული დროის შემდეგ ექიმებმა ჩათვალეს, რომ პაციენტი ჯანმრთელია და აღარ წარმოადგენ საფრთხეს საზოგადოებისთვის. გათავისუფლების შემდეგ, 2017 წლის სექტემბერში ელისნკიმ დანის 25 დარტყმით წლინახევრის დისშვილი მოკლა და დაჭრა გოგოს დედაც. შემდეგ, სისხლიანი დანით ხელში, ქუჩაში სასეირნოდ წავიდა.
დაკავების დროს ის საკმაოდ აგრესიულად იქცეოდა. პოლიციელებს მისთვის ცეცხლის გახსნა მოუწიათ. შედეგად, ელინსკი გარდაიცვალა, ხოლო მისი ფსიქიატრი, რომელმაც ის საავადმყოფოდან გაწერა, გულგრილობისთვის 2 წლით დააპატიმრეს.