“როდესაც საქმე ეხება კორუფციას და შესაძლო კორუფციულ დანაშაულს, ჩვენი გუნდის მიდგომა იქნება და არის უმკაცრესი” – გორდულაძე
“მძიმეა ამ საკითხზე საუბარი კონკრეტული ადამიანიდან გამომდინარე. ეს ადამიანი ჩვენი ქვეყნის პრემიერ-მინისტრი იყო არაერთი წლის განმავლობაში და აღიარებითი ჩვენებაც მძიმე საკითხია ნამდვილად”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, არჩილ გორდულაძემ ირაკლი ღარიბაშვილზე საუბრისას განაცხადა.
როგორც მან განმარტა, ამავდროულად, ეს სამართლებრივი საკითხია.
“შეუძლებელია, რომ პარლამენტის წევრებს გვქონდეს კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით იმაზე მეტი ინფორმაცია, ვიდრე ეს არის საჯაროდ ცნობილი. რთულია ამ კითხვაზე პასუხის გაცემა. ჩვენ უნდა დაველოდოთ მიმდინარე პროცესს და მივიღოთ კიდევ უფრო მეტი ინფორმაცია, მეტი დეტალი.
როდესაც საქმე ეხება კორუფციას და შესაძლო კორუფციულ დანაშაულს, ჩვენი გუნდის მიდგომა იქნება და არის უმკაცრესი. ეს არის ისეთი საკითხი, რომელთან დაკავშირებითაც ბატონი ბიძინა ივანიშვილი დაბრუნდა პოლიტიკაში. პარტიის მოქმედი თავმჯდომარე და პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე ამ საკითხს სვამდა არაერთი დღის და თვის განმავლობაში. ჩვენი გუნდი ერთიანია იმასთან დაკავშირებით, რომ ინდულგენცია ვერ იქნება ვერანაირი პოზიცია, თანამდებობა, პროფესია და კანონის წინაშე ყველანი ვართ თანასწორები”, – აღნიშნა გორდულაძემ.