ამირან გამყრელიძე: წლის ბოლომდე ქვეყნის მოზრდილი მოსახლეობის 65 პროცენტი უნდა აიცრას

“წლის ბოლომდე უნდა აიცრას ქვეყნის მოზრდილი მოსახლეობის 65 პროცენტი”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში განაცხადა, სადაც „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესს დაესწრო.

გამყრელიძე დარწმუნებულია, რომ რესპუბლიკური საავადმყოფო ამ პროცესს კარგად გაართმევს თავს.

„დღეს დაიწყო ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი, წლის ბოლომდე უნდა აიცრას ქვეყნის მოზრდილი მოსახლეობის 65 პროცენტი. ამის პირველ მაგალითს აძლევენ ჩვენი კოლეგები. მე დღეს მოვედი ჩემს ალმა-მატერში, ამ საავადმყოფოში დავიწყე ჩემი საექიმო მოღვაწეობა, აქ ჩამოვყალიბდი როგორც ექიმი, პედაგოგი, მეცნიერი და ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა დღეს რესპუბლიკურ საავადმყოფოში მოსვლა. ეს არის ყველაზე დიდი ტრადიციების საავადმყოფო და დარწმუნებული ვარ, ამ პროცესს კარგად გაართმევს თავს. მშვენივრად არის ორგანიზებული სამი აცრის კაბინეტი. ყველა იმ რეკომენდაციის დაცვით, რაც არის აუცილებელი. კერძოდ, ასაცრელი ადამიანის შესაბამისი გამოკითხვა, მისი მონაცემების ელექტრონულ სისტემაში შეტანა და ასე შემდეგ. ამიტომ, იმედი მაქვს, რომ ყველა ერთად, დიდი სოლიდარობით ვიქნებით ამ პროცესში. დაწყება ძალიან კარგია, მაგრამ მთავარი იქნება დამთავრება. ჩვენ უნდა ავცრათ წელს მილიონ 600 ათასი, 700 ათასამდე ადამიანი. თუ ამას გავაკეთებთ, მაშინ ვუბრუნდებით ცხოვრების ჩვეულ რიტმს“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დღეიდან დაიწყო. პირველ ეტაპზე სამედიცინო პერსონალი აიცრება.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები