ზურაბ ჯაფარიძე: ხუთივე პუნქტთან მიმართებით კომპრომისული ვერსიებია შეთავაზებული, მათ შორის – არჩევნებთან დაკავშირებით
“ხუთივე პუნქტთან მიმართებით კომპრომისული ვერსიებია შეთავაზებული, მათ შორის – არჩევნებთან დაკავშირებით”- – ამის შესახებ „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირად წარმომადგენელთან, კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.
მისი თქმით, ,,ოცნებას” ახლა მოლაპარაკებების გაგრძელება არ სურს.
„ოცნების“ წარმომადგენლები გამოვიდნენ საჯაროდ, თქვეს, რომ მოლაპარაკებები, ამ ეტაპზე, დასრულებულია და ისინი ელოდებიან, როდის დაბრუნდება ღარიბაშვილი ვიზიტიდან და ამის შემდეგ გაგრძელდება მოლაპარაკებები. შემდეგ, დაახლოებით ნახევარ საათში, ევროპული საბჭოს წარმომადგენელი გამოვიდა დათქვა, რომ მოლაპარაკებები გრძელდება. ამის შემდეგ, უკვე ჩვენც დაგვიკავშირდნენ და გვითხრეს, რომ დღეს შეხვედრები ჩაინიშნებოდა. დავინახეთ სურათი, რომ, მინიმიმუმ ახლა, მოლაპარაკებების გაგრძელება არ უნდათ. უნდა ვიგულისხმოთ, რომ რაღაც მოხდა იმ შეხვედრაზე ისეთი, რის გამოც, მათ გადაწყვიტეს, რომ ლაპარაკის გაგრძელებას აზრი აღარ აქვს. იქ არის 5 პუნქტი და მეექვსე მედიაციასაც ეხება. ხუთივე პუნქტთან მიმართებით, კომპრომისული ვერსიებია შეთავაზებული, მათ შორის – არჩევნებთან დაკავშირებით. კომპრომისული ვერსია არ ნიშნავს, რომ საკითხს ივიწყებ, ეს ნიშნავს, რომ არჩევნებამდე მისასვლელ გზასთან მიმართებით, დებ ისეთ გზას, რომელიც, შეიძლება, მისაღები იყოს ორივე მხარისთვის“, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი – კრისტიან დანიელსონი საქართველოში კიდევ ერთი დღით დარჩა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან შეხვედრებს დილიდან განაგრძობს. ამჯერად ის ოპოზიციური პარტიების ლიდერებს ხვდება.