კულტურის სამინისტრო დაბადების დღეს ულოცავს ელისო ვირსალაძეს

კულტურის სამინისტრო დაბადების დღეს ულოცავს ელისო ვირსალაძეს და მილოცვას აქვეყნებს:
„დაბადების დღეს ვულოცავთ მსოფლიოში აღიარებულ მუსიკოსს, ელისო ვირსალაძეს.
ელისო ვირსალაძე ჩვენი ქვეყნის სიამაყეა – ის არის უმაღლესი რანგის პროფესიონალი, რომელსაც მრავალი წელია, სხვადასხვა ქვეყნის საკონცერტო დარბაზებში მოწიწებით ხვდებიან.
ქ-ნი ელისო არის სულისჩამდგმელი მუსიკის საერთაშორისო ფესტივალისა, რომელიც 40 წელზე მეტია, თელავში იმართება და სულ უფრო მეტ ინტერესს იწვევს აკადემიური მუსიკის დამფასებელთა შორის.
ელისო ვირსალაძე არა მხოლოდ დიდი პიანისტი, არამედ დიდი პედაგოგიცაა. ამას ადასტურებს მისი მრავალწლიანი პედაგოგიური საქმიანობა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. ის არის მასწავლებელი, რომელიც უფრთხილდება თითოეული ახალგაზრდის ინდივიდუალიზმს და ასე ზრდის და აყალიბებს მათ პროფესიონალ პიანისტებად.
ქალბატონ ელისოს მიღებული აქვს არაერთი სახელმწიფო ჯილდო და საპატიო წოდება, თუმცა მისი მთავარი ჯილდო მსოფლიო აღიარება, ხალხის სიყვარული და აკადემიური მუსიკის სფეროს სხვადასხვა თაობის წარმომადგენელთა მხრიდან გამოხატული განსაკუთრებული პატივისცემაა.
ელისო ვირსალაძე არის სისადავითა და შინაგანი კულტურით გამორჩეული ადამიანი, რაც კიდევ უფრო ამშვენებს მის მდიდარ ბიოგრაფიას.
ვუსურვებთ მას დღეგრძელობასა და ახალ წარმატებებს შემოქმედებით საქმიანობაში“, – წერია მილოცვაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები