დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე ხვალ საჯაროდ, ღია ეთერში კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრება.
ამის შესახებ ჟურნალისტებს ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განუცხადა.
„ხვალ 09:00 საათზე პაატა იმნაძე დემონსტრაციულად პირველი აიცრება ღია ეთერში, სწორედ ჩვენს დაწესებულებაში, რითიც ხაზს გაუსვამს, რომ ეს დაწესებულება არის ფლაგმანი კოვიდთან ბრძოლაში და ის, ვინც პირველი პაციენტი მიიღო.
ეჭვი არ მეპარება, რომ ეს 43 ათასი დოზა სულ რაღაც ორ კვირაში დაიხარჯება და არავითარი შეფერხება არ იქნება, რადგან უკვე არის ასეთი განწყობა. პლუს, ჩვენ ვიმუშავებთ ამისთვის.
ყველა ელოდება პირველ დღეს და რომ ნახავენ, ძალიან წარმატებით ჩატარდება, მერე ყველა გათამამდება და თავშეკავებულთა რიცხვი ავტომატურად შემცირდება“,- განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.