დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე: რაც ჭყონდიდში მოხდა, ძალიან საშიში ფაქტია – ეს არის ხილულად გამოჩენა იმ ბრძოლისა, რაც ეკლესიის წინააღმდეგ მიმდინარეობს

“ჭყონდიდში რაც მოხდა, არის ძალიან საშიში ფაქტი, ეს არის ზღვარს გადასული ქმედება, ეს არის შეჭრა რელიგიური შინაარსის ღონისძიებაში, მისი ჩაშლის მცდელობით”, – ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ, ჭყონდიდის ეპარქიაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, ეს იმ ბრძოლის ხილულად გამოჩენაა, რომელიც ეკლესიის წინააღმდეგ მიმდინარეობს.

“ჭყონდიდში რაც მოხდა, არის ძალიან საშიში ფაქტი, ეს არის ზღვარს გადასული ქმედება, ეს არის შეჭრა რელიგიური შინაარსის ღონისძიებაში, მისი ჩაშლის მცდელობით. მსგავსი რამ, რომ მომხდარიყო ნებისმიერი სხვა კონფენსიის შემთხვევაში, მე მგონი, ეჭვი არ გვეპარება, რომ ადამიანის უფლებათა დაცვის ყველა ორგანიზაცია თუ საერთაშორისო ორგანიზაცია ამაზე ძალიან მძაფრ განცხადებებს გააკეთებდნენ. აი, ჩვენთან კი მოხდა ასეთი რამე, სახეზე არის, რომ იყო მობილიზებული სპეციალურად ხალხი, აშკარად აქ იყო სხვა განზრახვა და ეს იყო შეჭრა და ეს კადრებშიც ჩანს, რომ პირველი იქ შეიჭრა „მთავარი არხის“ ჟურნალისტი დაუპატიჟებლად. ეს პირველი შემთხვევა არ არის და ჩვენ გვახსენდება, რომ სულ ცოტა ხნის წინ სწორედ ამ ჟურნალისტმა ფაქტობრივად ჩაშალა წირვის პროცესი და მრავალი ეპისკოპოსის თანდასწრებით მოხდა ეს. ასე რომ, ეს არის ხილულად გამოჩენა იმ ბრძოლისა, რაც მიმდინარეობს ეკლესიის წინააღმდეგ“, – განაცხადა დეკანოზმა.

ცნობისთვის, მეუფე სტეფანე რამდენიმე თვეა რაც ჭყონდიდის ეპარქიას ხელმძღვანელობს. 7 მარტს, ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა სტეფანემ (კალაიჯიშვილი) ეპარქიის ორ დიაკონს – კონსტანტინე გაბისონიასა და პეტრე ღუდუშაურს მღვდელმოქმედებებში მონაწილეობა აუკრძალა. 8 მარტს, ჭყონდიდის ეპარქიაში სასულიერო პირებსა და მარტვილისა და ჭყონდიდის მეუფე სტეფანეს შორის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას ის 2 დიაკონიც ესწრებოდა, რომლებსაც მღვდელმოქმედებებში მონაწილეობა აეკრძალა. რეზიდენციის გარეთ მყოფ მრევლს ოთახში შესვლა სურდა, რის საშუალებასაც შიგნით მყოფი სასულიერო პირები არ აძლევდნენ. შეხლა – შემოხლის დროს აივნის მოაჯირი ჩამოინგრა და რამდენიმე ადამიანი მეორე სართულიდან ჩამოვარდა. დაშავდა მედიის რამდენიმე წარმომადგენელი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები