თამარ გაბუნია: 29 სამედიცინო დაწესებულება მზადაა, რომ სამედიცინო პერსონალი ვაქცინაციისთვის მიიღოს

“ხვალ, 15 მარტს დაიწყება „ასტარაზენეკათი“ ვაქცინაციის პროცესი. ვაქცინა მივიღეთ 43 200 დოზა, რომელიც განკუთვნილია ჯანდაცვის სფეროს მუშაკებისთვის. ამაში შედის ყველა ექიმი, ექთანი და ის პერსონალი, ვინც სამედიცინო დაწესებულებებში მუშაობს”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.

გაბუნია მედპერსონალს მოუწოდებს, გამოიყენონ შესაძლებლობა და აიცრან.

„ჩვენ უკვე დავიწყეთ რეგისტრაციის პროცესი, რიგში ჩაწერა შესაძლებელია ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდის მეშვეობით და ყველა ადამიანი, რომელიც გადაწყვეტს, რომ უნდა ჩაიტაროს ვაქცინაცია, უნდა დარეგისტრირდეს შესაბამის ბმულზე. ამის შესახებ დამატებით ინფორმაციას ნახავთ ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე. 29 სამედიცინო დაწესებულება არის მომზადებული იმისთვის, რომ ხვალ მიიღოს სამედიცინო პერსონალი, ვინც უკვე ჩაწერილია რიგში. მე მინდა ვთხოვო სამედიცინო დაწესებულებების ხელმძღვანელებს, გამოყონ პირი, ვინც დაეხმარება თანამშრომლებს რეგისტრაციაში და რიგის დაჯავშნაში, რაც ჩვენ საშუალებას მოგვცემს უფრო სწრაფად და მარტივად მოვახერხოთ ვაქცინაციის პროცესის განხორციელება. დღეს დილიდან დაავადებათა კონტროლის ცენტრის თანამშრომლები მუშაობენ ამ დაწესებულებებში, რომ საბოლოოდ შეამოწმონ ყველა ის დეტალი, რაც ვაქცინაციის პროგრამის დასაწყებად არის საჭირო. 17 მარტიდან კიდევ დაემატება 35 დაწესებულება და შემდეგ 18 მარტიდან დაემატება 23 დაწესებულება რეგიონების და რაიონების დონეზე“, – განაცხადა გაბუნიამ.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ პირბადე და სოციალური დისტანცირების წესები ზედმიწევნით იყოს დაცული.

„ხვალ კიდევ ერთი ეტაპი იწყება შეზღუდვების შემსუბუქების. რა თქმა უნდა, აქაც მთავარი მოლოდინი და მოთხოვნა არის, რომ ბიზნესგარემო და ის მარეგულირებელი წესები, რომელიც კონკრეტული წესებისთვის იყო შემუშავებული იგივე სპორტდარბაზებთან დაკავშირებით, იყოს ზედმიწევნით დაცული. ეს არის პირველი გარანტია, რომ რისკები შემცირდეს და ასევე რაც მთავარია, პირბადის გამოყენება არ უნდა დაგვავიწყდეს. სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში ასევე გავრცელდა მონაცემები იმის შესახებ, რომ 43 პროცენტზე ჩამოვიდა პირბადის გამოყენების მაჩვენებელი, რაც ყველაზე სარისკოა ამ სიტუაციაში. მნიშვნელოვანია, რომ პირბადე და სოციალური დისტანცირების წესები ზედმიწევნით დავიცვათ, ეს მოგვცემს საშუალებას, რომ უსაფრთხოდ გავიაროთ გახსენების მომდევნო ეტაპი და უკვე გადავიდეთ იმაზე, რომ დავიწყოთ შემდეგი შეზღუდვების მოხსნაზე საუბარი“, – განაცხადა გაბუნიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები