ვახუშტი მენაბდე: დანიელსონთან შეხვედრაზე ვადამდელ არჩევნებზე არ გვისაუბრია, ეს არის პოლიტიკური მხარეების მოლაპარაკების თემა

“კრისტიან დანიელსონთან შეხვედრაზე ვადამდელ არჩევნებზე არ გვისაუბრია, ეს არის პოლიტიკური მხარეების მოლაპარაკების თემა”, – ამის შესახებ „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ წარმომადგენელმა, ვახუშტი მენაბდემ კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოში არსებულ პოლარიზებულ გარემოსა და პრობლემების გადაჭრის გზებს, მათ შორის, საარჩევნო სისტემისა და თვითმმართველობის რეფორმას.

„ჩვენ რამდენიმე თემაზე გავამახვილეთ ყურადღება. საია-ს სახელით ელჩებსა და სპეციალურ წარმომადგენელს ვესაუბრე საქართველოში არსებულ პრობლემებზე, პოლარიზაციასა და იმ გზებზე, როგორ შეიძლება გადაიჭრას ეს პოლარიზაცია – ეს არის მნიშვნელოვანი თანამდებობების დანიშვნის პროცესში ოპოზიციის როლის გაზრდა, საარჩევნო სისტემის პროპორციული მიმართულებით მოძრაობა, ბუნებრივ ბარიერთან მიახლოებული პროცენტულობით და საკითხები, რომელიც უკავშირდება თვითმმართველობის რეფორმას. ამ ყველაფერმა ჩვენ უნდა მოგვცეს შესაძლებლობა, რომ საბოლოო ჯამში, როგორღაც დასრულდეს კრიზისული პოლიტიკური სისტემა და გადავიდეთ ახალ საფეხურზე, სადაც უკვე შესაძლებელი იქნება, ქვეყნის მართვაზე პასუხისმგებლობა გაინაწილონ ხელისუფლებამ და ოპოზიციამ ისე, რომ ეს ქვეყანა მოუსავლეთში არ გადაჩეხონ.

ჩვენ არ გვისაუბრია ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით. ეს არის პოლიტიკური მხარეების მოლაპარაკების თემა. ერთადერთი, რაც მე „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ სახელით ვთქვი, არის ის, რომ მხოლოდ ვადამდელი არჩევნები არის ერთჯერადი გამოსავალი. ჩვენ გვჭირდება უფრო მყარი და წინგახედული ქმედმებები, რომელიც მომავალში დაგვაზღვევს იმ პოლარიზაციისგან და პრობლემებისგან, რომელიც დღეს არის. ეს არის ინსტიტუციური რეფორმები, სასამართლო სისტემა, ადგილობრივი თვითმმართველობა, საარჩევნო სისტემა და საპარლამენტო კონტროლის მიმართულებით გადასადგმელი ნაბიჯები“, – განაცხადა მენაბდემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები