ვეტერანი მორაგბე: სოსო ტყემალაძეს არ ვაღიარებთ, იგი დე ფაქტო პრეზიდენტია

“რაგბის კავშირს ახალი პრეზიდენტი არ ჰყავს. ჰყავს ძველი პრეზიდენტი, ირაკლი აბუსერიძე, რომელიც არჩეულ იქნა წინა წლის 30 დეკემბერს რაგბის კავშირის დელეგატების მიერ”, – ამის შესახებ ვეტერანმა მორაგბემ, ბობა კვინიხიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, დღეს ერთი ბრძოლა დათმეს, მაგრამ ომი გრძელდება და გამარჯვება მორაგბეებს დარჩებათ, ხოლო სოსო ტყემალაძეს ზემოდან ლობირებენ და მას, როგორც პრეზიდენტს, არ აღიარებენ.
„სოსო ტყემალაძეს არ ვაღიარებთ, იგი დე ფაქტო პრეზიდენტია. დღეს იყო უკანონო არჩევნები – სპექტაკლი და კლოუნადა.
ჩვენ ვაპირებთ სამართლებრივ და სპორტულ ბრძოლას, სხვა დეტალები ხვალ, პრესკონფერენციაზე გახდება ცნობილი. სანამ ჩვენ ჩვენსას არ გავიტანთ, ბრძოლა იქამდე გაგრძელდება.
არჩევნებამდე 12 საათით ადრე ჩვენი მეგობარი, ბავშვობის ძმაკაცი, რაგბის კლუბ „არმიის“ პრეზიდენტი ირაკლი სულთანიშვილი, რომელიც არჩევნებზე ტყემალაძისთვის ხმის მისაცემად არ მიდიოდა, მოხსნეს თანამდებობიდან და ვიღაც სხვა დანიშნეს. რაზე უნდა ვილაპარაკოთ, ფაქტია, სოსო ტყემალაძეს ლობირებენ.
ეს ყველაფერი ამით არ მთავრდება. ჩვენ შეიძლება, ერთი ბრძოლა წავაგეთ, მაგრამ ომი გრძელდება და გამარჯვება მორაგბეებს დარჩებათ,“ – განაცხადა ბობა კვინიხიძემ.

დღეს რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნები „ექსპო ჯორჯიაში“ ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. ერთმანეთს ირაკლი აბუსერიძისა და სოსო ტყემალაძის მომხრეები დაუპირისპირდნენ.
საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტად სოსო ტყემალაძე აირჩიეს. ყრილობაზე მის კანდიდატურას 42-მა დელეგატმა დაუჭირა მხარი.
ცნობისთვის, სოსო ტყემალაძე პრეზიდენტობის ერთადერთი კანდიდატი იყო.
მანამდე, გასული წლის 30 დეკემბერს ჩატარებულ არჩევნებში ირაკლი აბუსერიძემ გაიმარჯვა, მაგრამ საჯარო რეესტრმა პრეზიდენტად არ დაარეგისტრირა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები