ფიროსმანით აღფრთოვანებული ილია ზდანევიჩი და ფრანგი მხატვარი მიშელ ლე დანტიუ

მარცხნიდან მარჯვნივ: ფიროსმანი, ილია ზდანევიჩი, მიშელ ლე დანტიუ

ჟან შარდენის ქართულ-ფრანგული აკადემია საზოგადოებას ცნობილი ქართველების შესახებ ბევრ საინტერესო ცნობას აწვდის და მათ ადამიანურ ისტორიებს უზიარებს. მიშელ ლე დანტიუს სტუმრობა ფიროსმანთან სწორედ ამ ისტორიების რიცხვშია.


კირილ (1892-1967) და ილია (1894-1975) ზდანევიჩების ოჯახს თბილისში (მამა- მიხეილ ზდანევიჩი ჯერ ქუთაისში, მერე კი თბილისის პირველ გიმნაზიაში ასწავლიდა ფრანგულ ენას. დედა- ვალენტინა გამყრელიძე, პიანისტი იყო) რუსეთიდან ფრანგი მხატვარი მიშელ ლე დანტიუ (1891-1917) ესტუმრა.

დანტიუ ქართული კერამიკით და მხატვრობით იყო დაინტერესებული.

1912 წლის მარიამობისთვე იდგა თბილისში.

წარმოშობით ფრანგი და რუსეთში გადმოსახლებული მხატვარი მიშელი ილიასთან ერთად გავიდა თბილისის ქუჩებში, დადიოდა ყველგან-თბილისის ბაზარში, სამიკიტნოებში, დუქნებში…

ვაგზალზე დუქანში როცა შევიდნენ, კედლებზე გამოფენილმა სურათებმა მიიპყრო მისი ყურადღება, საგულდაგულოდ დაათვალიერა, ხან ახლოდან შეხედა, ხან დისტანციიდან, თვალებს ჭუტავდა და სხვას ვერავის და ვერაფერს ამჩნევდა. უყურა და მერე იკითხა, ვისი ნახატებიაო. მედუქნეს გაუკვირდა, ამ უცხოელს ნეტა რა მოეწონაო და უთხრა, ნიკალასია, გვიხატავს და ჩვენც პატივს ვცემთო.

მიშელ დანტიუს ილია ზდანევიჩისთვის უთხოვია, ეს მხატვარი სასწრაფოდ მომაძებნინეო.

ზდანევიჩებმა შეახვედრეს ნიკალა… ნახატებიც იყიდეს, ფულიც დაუტოვეს…

ის კი არადა, ნიკალა ფიროსმანაშვილმა 1913 წელს ილია ზდანევიჩის პორტრეტიც დახატა (ილია ზდანევიჩმა ეს პორტრეტი და ნიკალას „ირემი“ მოსკოვში წაიღო გამოფენაზე)…

ღატაკი და მარტოსული ნიკალა ერთი პატარა თავშესაფრიდან მეორეში გადადიოდა, ვაგზლის მიდამოებში, ღარიბთა უბანში ცხოვრობდა.

„მტკვრის გამოღმა მე რა მინდა, იქ ხომ მდიდრები ცხოვრობენ და მაგათ კიდევ მხატვრობა არ აინტერესებთო“, -ასე უთქვამს ერთხელ ლადო გუდიაშვილისთვის.

ილია ზდანევიჩის მოგონება ნიკალაზე:

„ჩვენ მოვძებნეთ მხატვარი; მივედით სახლთან მალაკნების ქუჩაზე. აქ მიგვითითეს ნიკოზე, რომელიც ტროტუარზე იდგა. ის ფუნჯით აკეთებდა წარწერას: „მოლოჩნაია“. შემობრუნდა ჩვენკენ, დიდი ღირსებით მოგვესალმა და გააგრძელა საქმიანობა, ხანდახან რეპლიკებით ჩაერთობოდა ხოლმე საუბარში. ეს შეხვედრა დამამახსოვრდა: თეთრ კედელთან იდგა მხატვარი დახეულ შავ პიჯაკში და რბილი ფეტრის შლაპით, ტანმაღალი, მშვიდი და დამოუკიდებელი, მაგრამ მის ქმედებაში გარკვეული სიმწარე გამოსჭვიოდა”.

კირილ ზდანევიჩის მოგონება:

„ილია ეუბნება ნიკოს – თქვენს სურათებში ქართული ხელოვნების ძვირფასი გრძნობაა ჩაქსოვილი. თქვენ აღმოაჩინეთ გზა და მიგვითითეთ საით უნდა წავიდნენ ქართველი მხატვრები”.

მწერალი გიორგი ლეონიძე:

„უკანასკნელ ხანებში ნიკალას ვერავინ ხვდებოდა. მისი ნაცნობი მიკიტნები მიამბობენ, რომ ბოლო წელიწად-ნახევარში ნიკო გაჰქრა, რამდენჯერ მისი პოვნა დაგვჭირდა ვეღარ ვიპოვეთო!

სიკვდილის წინა კვირეებში – თავის კერას – ვაგზლის რაიონს დაუბრუნდა, მალაკნების ქუჩაზე, სადაც ვინმე აბაშიძისგან იშოვნა პატარა სამუშაო. აქ მოუსწრო სიკვდილმა…

არჩილ მაისურაძემ დაბეჯითებით გადმომცა, რომ ეს ამბავი მოხდა 1918 წელს, ზედ აღდგომა ღამეს.

მისი სიტყვით და მრავალთა დამოწმებით, ფიროსმანი დამარხულია უპატრონო მკვდართა შორის კუკიის წმ. ნინოს სასაფლაოზე.“

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები