ხელსაქმის სიყვარული ბებიისგან გამოჰყვა. ქსოვა და თიხაზე მუშაობა სიამოვნებას ანიჭებდა. განსაკუთრებით მოსწონდა პოლიმერული თიხით დამზადებული აქსესუარები და ლამაზად გაფორმებული ფინჯნები. მალევე გაუჩნდა სურვილი, თავადაც დაემზადებინა ეს ყველაფერი. ასე იქცა ჰობი პროფესიად.
სხვადასხვა ყვავილისგან მორთულმა მისმა ფინჯნებმა საგაზაფხულო განწყობა შეუქმნა ყველას. დედის დღისთვის და სარვამარტოდ ლამაზი საჩუქარი ხომ მართლაც მისწრებაა… – ნატო წიკლაურის პერსონა.
– პროფესიით პროგრამისტი ხართ, მაგრამ ხელოვნება ბავშვობიდან გიზიდავდათ…
– მახსოვს ბავშვობაში ბებია იყო ხელსაქმით დაკავებული და ძალიან მომწონდა მისი საქმიანობა, აქედან გამიჩნდა ხელსაქმის შესწავლის სურვილი, ყაისნაღით ყვავილის ლამაზ დასადგამებს ვქსოვდი.
ძალიან კარგად გამომდიოდა ხატვაც, მაგრამ ახლა უმეტესად ვქსოვ და თიხაზე ვმუშაობ, რაც ძალიან მომწონს და სიამოვნებას მანიჭებს. თამამად შეიძლება ითქვას, რომ განტვირთვის კარგი საშუალებაა.
– ხელნაკეთი ნივთების დამზადება ინტენსიურად ერთი წლის წინ დაიწყეთ. პირველი ნამუშევრები…
– ძალიან მომწონდა პოლიმერული თიხით დამზადებული აქსესუარები და ლამაზად გაფორმებული ფინჯნები. დამებადა სურვილი, რომ მეც მეცადა. ამ ყველაფერს თავიდან მხოლოდ ჩემთვის და მეგობრებისთვის ვამზადებდი…
თიხაზე მუშაობისას მივხვდი, რომ ეს საქმიანობა ჩემი იყო და ეს ყველაფერი დიდ სიამოვნებას მანიჭებდა, გარკვეული დროის შემდეგ გადავწყვიტე, ჰობი პროფესიად და შემოსავლის წყაროდ მექცია.
– ამ ბოლო დროს ყურადღება მიიპყრო პოლიმერული თიხის ყვავილებისგან მორთულმა ნაირ-ნაირმა ფინჯნებმა… რომელი ყვავილი გიყვართ პირადად თქვენ?
– ყველა ყვავილი მიყვარს, რადგან ისინი დადებით ემოციას ბადებენ, მაგრამ იასამანი განსაკუთრებულად მიყვარს და ეს ჩემს შემოქმედებასაც ეტყობა.
– თქვენს ფინჯნებს აქვს წარწერა: „საუკეთესო დედას“. მაინც რომელი ფინჯანი სარგებლობს უფრო მეტი მოწონებით?
– დედის დღისთვის შემიკვეთეს ეს ფინჯნები და ძალიან მოხარული ვარ, რომ ასე აქტიურად გავულამაზე დედებს დედის დღე, მეც დედა ვარ და ეს დიდი სიყვარულით გავაკეთე.
– ნატა’ლი•Nata’Li – თქვენი ფეისბუქგვერდია, რომელ ჭიქებს შესთავაზებდით მნახველს 8 მარტს?
– მომხმარებელი თუ მომენდობა, იმედს არ გავუცრუებ. ვფიქრობ, საკმაოდ ლამაზ და ორიგინალურ ნამუშევრებს ვთავაზობ მათ. თუმცა ძირითადად მათ უკვე არჩეული აქვთ დიზაინი და ვცდილობ, მაქსიმალურად დავაკმაყოფილო მათი მოთხოვნა.
– რატომ მოგწონთ მაინცდამაინც პოლიმერულ თიხაზე მუშაობა?
– პოლიმერულ თიხაზე მუშაობა დიდ სიამოვნებას მანიჭებს, რადგან შემიძლია გავალამაზო და გავაცოცხლო ის უსულო ნივთები, რომლებსაც ყოველდღიურად მოვიხმართ, მაგალითად, ფინჯანი, რომლითაც ყავას ან ჩაის მივირთმევთ… ჩემთვის ორმაგი სიამოვნებაა, როდესაც ლამაზად გაფორმებული ფინჯნით მივირთმევ საყვარელ სასმელს.
– გაზაფხული მოვიდა და თქვენს ჭიქებს სწორედ ეს განწყობა მოაქვს…
– როგორც ზემოთ აღვნიშნე, ძალიან მიყვარს იასამნები და ჭიქებზე მათი გადატანის დროს ყოველთვის გაზაფხულზე ვფიქრობ, ყოველთვის დადებითი და ენერგიული განწყობით ვიმუხტები მათი დანახვისას.
– ოჯახი… როგორ გიწყობთ ხელს ოჯახი მუშაობაში?
– მყავს ერთი შვილი, წლის და 6 თვის ელენა. ასაკიდან გამომდინარე ძალიან ცელქია და თიხაზე მუშაობის დროს სულ ჩემ გვერდითაა, სხვადასხვა ნივთს მაცლის მუშაობის პროცესში, მაგრამ ვუმკლავდები, რადგან გვერდით დედა და და მყვანან და ცდილობენ, თიხაზე მუშაობის დროს ხელი არ შემეშალოს. ისინი ჩემი შემფასებლები არიან და ყოველთვის მხარს მიჭერენ.
– ჰობი…
– ჩემი ჰობი უკვე შვილთან ერთად დროის გატარება, მასთან თამაში და სეირნობაა…
– სამომავლოდ რა სიახლეს გვპირდებით?
– მინდა ჩემი საქმე სხვებსაც გავუზიარო და შევასწავლო მათ, ვისაც თიხაზე მუშაობის სურვილი ექნება, ასევე ვაპირებ სამკაულების ხაზის გაკეთებას. იმედია, ყველაფერი კარგად იქნება.
თამარ შაიშმელაშვილი