სერგო ჩიხლაძე – “ქართულ ოცნებაზე”: თუ დესტრუქციული გზით სიარული გააგრძელეს, საერთაშორისო მოწოდებები უფრო მკვეთრი გახდება

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერის, სერგო ჩიხლაძის განცხადებით, მმართველი გუნდი თუ დესტრუქციული გზით სიარულს გააგრძელებს, საერთაშორისო მოწოდებები უფრო მკვეთრი გახდება.

მისივე თქმით, მოლაპარაკებებს ალტერნატივა არ აქვს.

“გეგმები არ შეცვლილა, ჩვენ ველოდებით, რომ „ქართულ ოცნებაში“ სადმე საღი აზრი გაიღვიძებს და მოლაპარაკებებს ალტერნატივა არ აქვს. ყველა არის შეთანხმებული, რომ უნდა შედგეს მოლაპარაკებები, ერთადერთი ვისაც ველოდებით, რომ მოვიდეს საღ აზრზე, არის „ქართული ოცნება“. თუ ბატონ ღარიბაშვილს ქართული ოპოზიციური სპექტრისა და არასამთავრობო სპექტრის არ ესმის, უნდა გაიგოს ჩვენი დასავლელი პარტნიორების გზავნილი. იგივე აშშ-ის სენატის ან ევროპარლამენტარების. ერთადერთი გზავნილი ხელისუფლებისადმი არის მოლაპარაკება, მაგრამ, სამწუხაროდ, ერთადერთი, რასაც ვხედავთ, არის ღარიბაშვილის აგრესიულ რიტორიკა და ის აგრძელებს სიძულვილის ენით საუბარს. არამხოლოდ პოლიტიკური ოპონენტების მიმართ არამედ ჩვენი პარტნიორების მიმართაც. თუ მათ გააგრძელეს დესტრუქციული გზით სიარული, საერთაშორისო მოწოდებები კიდევ უფრო მკვეთრი გახდება და იქნება პერსონალური სანქციებიც, როგორსაც უწესებენ ბელორუსის ან რუსეთის წარმომადგენლებს“, – განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები