ირაკლი ღარიბაშვილი ბელგიის სამეფოს ვიცე-პრემიერს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბელგიის სამეფოს ვიცე-პრემიერს და საგარეო საქმეთა მინისტრს დიდიე რეინდერს შეხვდა. შეხვედრა ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში გაიმართა. მხარეებმა ქვეყნებს შორის ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის აქტუალური საკითხები განიხილეს, მათ შორის, სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივები. საუბარი ასევე საქართველოს ევროკავშირთან და ნატოსთან ურთიერთობებს შეეხო. განსაკუთრებული ყურადღება ევროკავშირთან თანამშრომლობის გაღრმავების კუთხით მიღწეულ წარმატებებზე გამახვილდა. მხარეებმა საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები და დემოკრატიული ინსტიტუტების აღმშენებლობისა და განვითარების ტენდენციები დადებითად შეაფასეს.
ბელგიის ვიცე-პრემიერმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი, ასევე ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესისადმი მხარდაჭერა კვლავ დაადასტურა.