22 თებერვლიდან თბილისის მოსახლეობას, დამატებით, 180 ახალი მიკროავტობუსი მოემსახურება

22 თებერვლიდან დედაქალაქის საზოგადოებრივი ტრანსპორტის ქსელს 180 ერთეული მიკროავტობუსი შეემატება, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„ჩვენ შევიძინეთ 300 მიკროავტობუსი. მიმდინარეობს ე.წ. ყვითელი მიკროავტობუსების ჩანაცვლება, რომელიც უმძიმეს მდგომარეობაშია და მგზავრებისთვის, გადაადგილების თვალსაზრისით, პრობლემას წარმოადგენს – არაკომფორტულია და ყველანაირი რესურსი ამოწურული აქვს. შესაბამისად, ჩანაცვლების პროგრამა დაწყებულია. 300 ერთეული შესყიდულია. ამ 300 ერთეულიდან 120 უკვე ხაზზე იყო გაშვებული, მუშაობდა, ყველანაირი ტექნიკური შესაძლებლობებით აღჭურვილი. ორშაბათიდან კი უკვე დამატებით, 180 ერთეული მიკროავტობუსი გავა ხაზებზე და თბილისის მოსახლეობას მოემსახურება, რაც ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა ვიცემერს, ირაკლი ხმალაძეს დაავალა, კომპანიამ, რომელიც ამჟამად თბილისში ოპერირებს, მიკროავტობუსების გამოსყიდვის პროცესი დროულად დაასრულოს.

„ზოგადად, ჩვენი სატრანსპორტო პოლიტიკა ბევრი საინტერესო კომპონენტისგან შედგება. ეს არის ავტობუსების ჩანაცვლება-განახლება, რომელიც უკვე დაწყებულია და წლის ბოლოს დასრულებული იქნება. ავტობუსები უკვე შესყიდული გვყავს, ველოდებით მათ შემოსვლას და ე.წ. ყვითელი ავტობუსები ქალაქში აღარ ივლიან. პარალელურად, მიმდინარეობს მიკროავტობუსების ჩანაცვლება. როგორც გითხარით, მერიამ ვალდებულებით 300 ერთეული შეიძინა, რომ კომპანიამ, რომელიც დღეს თბილისის მოსახლეობას ემსახურება, მიკროავტობუსები გამოისყიდოს. მინდა, დავავალო ვიცემერს, რომ გამოსყიდვის პროცესი რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს,  რათა ჩვენ ახალი მიკროავტობუსების შემოყვანა კიდევ უფრო სწრაფად შევძლოთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები