რატომ არ აქვს ინვესტორს ვაკის პარკში სასტუმრო „ბუდაპეშტის“ აშენების უფლება – თემო კალანდაძის მოსაზრება

“ვაკის პარკში” სასტუმროს მშენებლობის საკითხი ბოლო წლების განმავლობაში რამდენჯერმა გახდა აქტუალური. აღსანიშნავია, რომ მიწის ნაკვეთის მესაკუთრემ მშენებლობის ნებართვა მიიღო სპეცნებართვის საფუძველზე, რომელიც თბილისის ყოფილმა მერმა, გიგი უგულავამ გასცა. საზოგადოებამ მშენებლობის პროცესს ფიზიკურად  შეუშალა ხელი, პარალელურად, სასამართლოში დაიწყო დავა.

პირველი ინსტანციის სასამართლომ სასტუმროს მშენებლობის ნებართვა გააუქმა, თუმცა სააპელაციო სასამართლომ ნებართვა აღადგინა. პროცესის მიმდინარეობისას მშენებლობის ნებართვას გაუვიდა მოქმედების ვადა. შესაბამისად, მშენებლობის ინიციატორის მიერ არ ან ვერ იქნა გამოყენებული მისთვის ადგილობრივი ხელისუფლების მიერ მინიჭებული უფლება.

მიწის ნაკვეთის მესაკუთრე გვარწმუნებს, რომ რადგან სააპელაციო სასამართლომ აღადგინა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ბათილად ცნობილი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ხოლო მშენებლობის ნებართვას მოქმედების ვადა სასამართლო პროცესის პერიოდში გაუვიდა, მას დღეს აქვს სამშენებლო სამუშაოების წარმოების უფლება და ცდილობს ამ უფლების გამოყენებას.

დღეს ინვესტორს სამშენებლო სამუშაოების წარმოების უფლება არ აქვს. ტერიტორიაზე სამშენებლო ტექნიკით განხორციელებული ნებისმიერი სამუშაოები განიხილება უკანონო მშენებლობად და თუ ამ შეზღუდვას არ დაემორჩილება, მერიის შესაბამისი სამსახური მიიღებს სათანადო  ზომებს, რაც საკმაოდ დიდი მოცულობის ჯარიმებში აისახება. ამ მიწის ნაკვეთზე ახალი ნებართვის მიღება კი, ახლად ამოქმედებული რეგულაციების პირობებში, ფაქტობრივად, შეუძლებელია და არც განიხილება, რასაც ადასტურებს ქალაქის მერის მოადგილის, ირაკლი ხმალაძის მიერ გაკეთებული განცხადებები.

არქიტექტორი და იურისტი თემო კალანდაძე „კვირასთან“ საკითხის ირგვლივ განვითარებულ პროცესებს იხსენებს.

„ქალაქის მოყვარული არცერთი ნორმალური ადამიანი, მით უმეტეს ქალაქის მერი, ამ ტერიტორიაზე ასეთ ნებართვას არ გასცემს. გარდა პარკისთვის მიყენებული პირდაპირი ზიანისა, ახლა უკვე ძალადაკარგული სანებართვო დოკუმენტაცია უამრავ ქალაქთმშენებლობით და სამართლებრივ დარღვევას მოიცავს, რაც სარჩელის სახით წარვადგინეთ და რაც სათანადოდ შეფასდა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ.
თუმცა, სააპელაციო სასამართლომ (ახლა უკვე დავით ნარმანიას მერობის პერიოდში), კანონმდებლობასთან შედარებით, მერიის პოზიციას მიანიჭა უპირატესობა და ყოფილი მერის გადაწყვეტილება აღადგინა.

მოკლედ, ქალაქის კეთილდღეობის დასაცავად ვებრძოდით არა ინვესტორს, არამედ  ორი სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის მმართველობის პერიოდის მერიას, და ეს მაშინ, როცა იმ დროს მოქმედ მერს შეეძლო დაჰყოლოდა საზოგადოების მოთხოვნას და თავად გაეუქმებინა მისი წინამორბედის უკანონო გადაწყვეტილება.

რაც შეეხება „ვაკის პარკში“ სასტუმროს მშენებლობას, ზოგადად, სასტუმრო პარკთან ფუნქციურად შეუსაბამო სახეობაა, რადგან ის მოითხოვს განსაკუთრებული ინფრასტრუქტურის მოწყობას. ასეთი ინფრასტრუქტურა ვერაფრით გაიმართება „ვაკის პარკის“ ტერიტორიაზე არსებულ 2800 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე და ის უპირობოდ გავრცელდება და „შეაწუხებს“ პარკის მიმდებარე ტერიტორიებს, რაც სრულიად მიუღებელია დედაქალაქის რეკრეაციული დანიშნულების ობიექტისთვის. მე პირადად, მიწის ნაკვეთის მესაკუთრისთვის, მისი საკუთრების შესაბამისი ღირებულების მიწის ნაკვეთის შეთავაზებაში ვხედავ გამოსავალს. თუ შეთანხმება ვერ შედგა, იქნება „ვაკის პარკის“ ეს მცირე ნაწილი ასე გაუნაშენიანებელი და მოუწესრიგებელი, რაც არც მესაკუთრის და არც ქალაქის ინტერესშია,“ – აცხადებს თემო კალანდაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები