ზურაბ ბაქრაძე: სასტუმრო შეუფერებელია სარეკრეაციო ზონისთვის

ქალაქმგეგმარებელი ზურაბ ბაქრაძე მიიჩნევს, რომ ვაკის პარკში სასტუმრო „ბუდაპეშტის“ მშენებლობა დაუშვებელია. ბაქრაძის განცხადებით, თუ მშენებლობის შეჩერების პროცესში საზოგადოების ჩართულობა გახდა საჭირო, მოქალაქეები ამას ისევე შეეწინააღმდეგებიან, როგორც გასულ წლებში.

„სასტუმრო შეუფერებელია სარეკრეაციო ზონისთვის, რადგან ის ისეთ ფუნქციებსა და მომსახურებებს მოიცავს, რომლებიც ხელს უშლის ადამიანების, განსაკუთრებით კი, ბავშვების, მოზარდებისა და მოხუცების დასვენებას. ის პირდაპირ ეწინააღმდეგება პარკის დანიშნულებას, მით უმეტეს, თუ იმასაც გავიხსენებთ, რომ სასტუმროს არალეგალური ფუნქციებიც აქვს, რომლებზეც არ საუბრობენ, თუმცა, ყველამ იცის. პარკში უნდა იყოს ჯანმრთელი გარემო არა მხოლოდ ჰიგიენური, არამედ ფსიქოლოგიური და მორალური თვალსაზრისით. ამ არგუმენტების გამო, ამის დაშვება შეუძლებელია.

ახლა ინვესტორი ამბობს, არა სასტუმროს, არამედ რესტორანს ავაშენებო, იმ არგუმენტით, რომ იქ რესტორანი ადრე არსებობდა. ქალაქმშენებლობის სამართლისთვის მნიშვნელობა არ აქვს, თუ რა იყო იქ. როცა ადრე იმ ადგილას რესტორანი „ბუდაპეშტი“ არსებობდა, ეს თანამედროვე სამართალს ეწინააღმდეგებოდა, თუმცა მისი დანგრევა იმის გამო, რომ კანონსაწინააღმდეგო იყო, არ შეიძლებოდა. ასე რომ, ამ რესტორანს მხოლოდ ის ფაქტი იცავდა, რომ იგი უკვე არსებობდა. როგორც კი დაინგრა, ეს დაცვა მაშინვე შეწყდა. მას შემდეგ იქ მხოლოდ იმის არსებობა შეიძლება, რაც კანონითაა დაშვებული და კანონით, პარკში რესტორნის არსებობა დაუშვებელია.

ინვესტორს არ აქვს მშენებლობის უფლება. არსებულ ნებართვას ვადა გაუვიდა. თუ მშენებლობა მაინც დაიწყო, მაშინ ეს მერიამ უნდა აღკვეთოს, რადგან ამის ფორმალური ძალაუფლება მას გააჩნია, მაგრამ თუ მერიამ თვალი დახუჭა და ხალხის ჩართულობა გახდა საჭირო, დარწმუნებული ვარ, ის ადამიანები, რომლებმაც მშენებლობა ადრეც შეაჩერეს და ეს ადგილი გადაარჩინეს, ახლაც ისეთივე სიმძაფრით შეეწინაღმდეგებიან. მე პირადად ამ ადამიანების უფრო მჯერა, ვიდრე მერიის, მიუხედავად იმისა, რომ მერიას ფორმალური ძალაუფლება აქვს, ამ ადამიანებს კი – არა. თუმცა, ქალაქის რეალური სუვერენები სწორედ მოქალაქეები არიან და მერია მხოლოდ მათი წარმომადგენელია. ამიტომ, ისინი პირდაპირ იმოქმედებენ და თავად დაიცავენ საკუთარ უფლებებს, რადგან  წესი და კანონი მათ მხარეზეა.“ – აცხადებს ზურაბ ბაქრაძე.

ქალაქმგეგმარებელი შაბათისთვის დაანონსებულ აქციასაც ეხმაურება, რომელიც ვაკის პარკში სასტუმროს აშენების წინააღმდეგაა მიმართული და დარწმუნებულია, რომ აქციაზე ყველაზე ის ადამიანი მივა, ვისთვისაც ეს საკითხი მნიშვნელოვანია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები