თბილისის გენგეგმის ერთ-ერთი ავტორისა და „სითი ინსტიტუტი საქართველოს“ დირექტორის, მამუკა სალუქვაძის განცხადებით, ვაკის პარკში სასტუმრო „ბუდაპეშტის“ აშენება დაუშველებია. მას მიაჩნია, რომ ინვესტორი პატივს არ სცემს კანონს და საზოგადოების აზრს არ ითვალისწინებს.
„იმ რეალობამ, რაც დღეს ვაკის პარკში სასტუმროს მშენებლობასთან დაკავშირებით ხდება, წმინდა სამართლებრივი და ქალაქგეგმარებითი კატეგორიებიდან, სამწუხაროდ, სულ სხვა, პოლიტიკურ კატეგორიაში გადაინაცვლა. კანონის უპატივცემულობა, საზოგადოებრივი აზრის გაუთვალისწინებლობა და თვითმართველი ორგანოს – თბილისის მერიის დაშანტაჟება, რომ, მისი ნებართვისა და თანხმობის გაუთვალისწინებლად, თვითნებურად დაიწყებს ამ ტერიტორიისთვის სრულიად შეუსაბამო და მიუღებელი ნაგებობის მშენებლობას, ინვესტორს კიდევ უფრო არამომგებიან პოზიციაში აყენებს, ვიდრე აქამდე იყო. ეს, ფაქტობრივად, გამოწვევაა არა მხოლოდ სახელმწიფოსი, რომელიც დაუშვებლად მიიჩნევს ამ ტერიტორიაზე ამ კონკრეტული ნაგებობის მშენებლობას, არამედ, უპირველეს ყოვლისა, იმ საზოგადოების, რომლის აზრისა და პოზიციის გათვალისწინებითაც იმოქმედა თავის დროზე თბილისის მერიამ და არ მისცა ინვესტორს სასტუმროს მშენებლობის საშუალება.
თბილისის გენგეგმის ჯგუფმა არაერთხელ, მკაფიოდ და გასაგებად გამოხატა თავისი პოზიცია და დღესაც იმავე აზრზეა, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე სასტუმროს მშენებლობა არ არის მისაღები და მხარს უჭერს ტერიტორიის ადგილმონაცვლეობის პრინციპს. ამავე დროს, ვფიქრობთ, რომ ამ ფაქტთან დაკავშირებით სავსებით გამართლებული, ლეგიტიმური და აუცილებელია მოქალაქეთა იმ ნაწილის აქტიურობა, რომლებმაც უკვე დაანონსეს, ვაკის პარკის დაცვის მიზნით, შესაბამისი აქციები. როგორც ჩანს, ინვესტორისთვის საჭირო გახდა როგორც თვითმართველობის, ისე საზოგადოების ერთობლივი პოზიციის დაფიქსირება, რათა მის მიერ მიღებულ იქნას კომპრომისული წინადადება და ვაკის პარკში ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს სასტუმროს მშენებლობის გაუთავებელი ეპოპეა“, – აღნიშნავს მამუკა სალუქვაძე.