შალვა პაპუაშვილი: სამუშაო ჯგუფის ფორმატში ცესკო-ს ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესი განვიხილეთ და სხვადასხვა ვერსიაზე საუბარი გვქონდა
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, სამუშაო ჯგუფის ფორმატში ცესკო-ს ადმინისტრაციის დაკომპლექტების სხვადასხვა ვერსიაზე იმსჯელეს.
„განვიხილეთ ადმინისტაციის დაკომპლექტების წესი და სხვადასხვა ვერსიაზე საუბარი გვქონდა. იცით, რომ მემორანდუმში გათვალისწინებულია სრულად პროფესიულ სისტემაზე გადასვლა. საუბარი გვქონდა იმაზე, ეს სისტემა იყოს, თუ სხვა სისტემა და ამ სისტემის დროსაც როგორ უნდა იყოს დაკომპლექტება ისე, რომ არსებობდეს სრული ნდობა. განვიხილეთ სხვადასხვა ვერსია. სავარაუდოდ, პარასკევს გვექნება შემდეგი შეხვედრა და დეტალურად განვიხილავთ სხვა საკითხებს.
ძირითადი პოზიციაა, რომ პროფესიული იყოს სრულად. იყო მოსაზრება, რომ ამ ეტაპზე შეიძლება, შერეულიც იყოს. ვფიქრობთ, კარგია პროფესიული და თუ კარგია პროფესიული, ამიტომ სჯობს, იყოს პროფესიული. აქ ერთადერთი კითხვის ნიშანია, დაკომპლექტების დროს იყოს უზრუნველყოფილი, რომ არანაირი კითხვის ნიშანი არ გაჩნდეს, რომ მიკერძოებით ხდება დაკომპლექტება“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
მისივე თქმით, სავარაუდოდ, პარასკევს მორიგი შეხვედრა გაიმართება.