თემქის ხევის ტერიტორიაზე, 22 ჰექტარზე საქალაქო პარკი გაშენდება. პროექტის განხორციელება უკვე დაიწყო. როგორც დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, პარკი მრავალფუნქციური იქნება და ყველა ასაკის ადამიანის ინტერესს დააკმაყოფილებს.
აღსანიშნავია, რომ თემქის ხევში პარკის მოწყობის ინიციატივა თბილისის გენერალურ გეგმაზე მომუშავე ჯგუფს ეკუთვნის. როგორც „სითი ინსტიტუტი საქართველოს“ დირექტორი, მამუკა სალუქვაძე „კვირასთან“ საუბრისას აღნიშნავს, გენგეგმის ჯგუფი პროექტის მიმდინარეობის პროცესს განსაკუთრებული ყურადღებას დაუთმობს.
„ძალიან ცუდია, რომ დაანონსებული პარკის მშენებლობა, გასაგები მიზეზების გამო, ამდენი ხნის განმავლობაში გაიწელა, თუმცა სასიხარულოა, რომ უკვე დაიწყო კონკრეტული სამუშოები იმ პროექტის მიხედვით, რომელიც მერიამ თავის დროზე კონკურსის მეშვეობით აარჩია.
რადგანაც ეს იდეა, ისევე, როგორც ბევრი სხვა ინიციატივა, მერიას გენგეგმის ფარგლებში შევთავაზეთ, ჩვენი მხრიდან ამ პროექტის განხორციელებას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა. ვფიქრობთ, რომ, ბევრი მიზეზის გამო, ეს მართლაც უნიკალური საპარკე ზონა იქნება, თუმცა რაც ყველაზე მთავარია, გაჩნდება არა ძველის განახლების, არამედ დიდი ფართობის, სრულიად ახალი საპარკე ზონის მოწყობის პრეცედენტი. ეს, ალბათ, დასაბამს მისცემს სხვა ახალი, მსხვილი საპარკე ზონების გაჩენას თბილისის გენგეგმით შეთავაზებულ არეალებში და არამხოლოდ ამ ტერიტორიებზე,“ – აცხადებს მამუკა სალუქვაძე.