ხელისუფლება სარესტორნო ბიზნესის წარმომადგენლებთან დამატებით შეხვედრებს კიდევ გამართავს
”სარესტორნო ბიზნესის წარმომადგენლებთან დამატებით შეხვედრები კიდევ გაიმართება”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ბიზნესთან ყოველდღიური კომუნიკაციაა.
„ვაკვირდებით მრავლობით კომპონენტს. გადაწყვეტილების მიღებისას, მინიმუმ, 7 კომპონენტის გათვალისწინება ხდება. ეს არის ინფიცირების გავრცელების კოეფიციენტი, სავაადმყოფოების დატვირთულობის კომპონენტი, ასევე, ინფიცირებულთა ასაკობრივი ჯგუფი, რაც განსაზღვრავს თავის მხრივ ინფექციის მობილობის მაჩვენებელს, თუ რომელ სეგმენტში ვრცელდება ინფექცია.
რა თქმა უნდა, ბიზნესთან ყოველდღიური კომუნიკაციაა. დარწმუნებული ვარ, ბიზნესის მხრიდანაც ყველაფერი სწორადაა აღქმული, ვინაიდან ჩვენ ვცდილობთ, გავიგოთ ის ეკონომიკური მდგომარეობა, რომელიც დღესდღეობით ბიზნესსა და ჩვენს მოქალაქეებს აქვს, მაგრამ საპირწონედ ჩვენ გვაქვს თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობა, რაც უდავოდ მნიშვნელოვანია, როგორც ბიზნესის, ასევე მთავრობის წარმომადგენლებისთვის. მნიშვნელოვანია, ჩვენ დავაკვირდეთ 7 და 14-დღიან პერიოდში მიღწეულ სტაბილიზაციას, რადგან უფრო მეტად თამამი ნაბიჯები გადავდგათ.
რაც შეეხება რესტორნებს, მათან დამატებით შეხვედრები კიდევ გაიმართება. დარწმუნებული ვარ, მათთვის მისაღები იქნება ის ახსნა-განმარტება, რომელსაც ეკონომიკური გუნდი და ჯანდაცვის სამინისტრო წარვუდგენთ“, – განაცხადა ტიკარაძემ.