ზურაბ ჯაფარიძე – “ქართულ ოცნებას”: ყველაფერს გავაკეთებ, რომ თქვენივე ინიციატივით დააყენოთ ჩემთვის მანდატის გაუქმების საკითხი
“ყველაფერს გავაკეთებ, რომ თქვენივე ინიციატივით დააყენოთ ჩემთვის მანდატის გაუქმების საკითხი”, – ასე გამოეხმაურა პარტია „გირჩი – მეტი თავისუფლებისთვის“ ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე ,,ქართული ოცნების” იმ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც მმართველმა გუნდმა ოპოზიციის წარმომადგენლებს მანდატები არ შეუწყვიტა.
“ქართულმა ოცნებამ”: თქვენ რომ ხმა მიეცით ადამიანს, რომელმაც უარი თქვა მანდატზე რადგან დარწმუნებულია რომ არჩევნები გაყალბდა და ცესკო-ს შედეგები არ ასახავს ხალხის რეალურ ნებას – მაგას არ გავუშვებთ პარლამენტიდან და მისი ნების საწინააღმდეგოდ ვაიძულებთ, ჰქონდეს საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსიო. ანუ, თქვენ გეუბნებიან, გადასახადები უნდა წაგართვათ და ძალით უნდა ვტენოთ (მე არ ვიღებ, მაგრამ შინაარსი ამით არ იცვლება) ადამიანს, რომელსაც არ უნდა ამ საქმის კეთებაო (თუნდაც არასწორად იქცეოდეს). პლუს, ძალით უნდა გამოვუყოთ და მოვაცდინოთ საოფისე ფართი, ავეჯი, ტექნიკა და ა.შ., მიუხედავად იმისა რომ აქ არ შემოდისო. ცხრაასორმცდაექსვჯერ თქვა არ შემოვდივარო, განცხადებაც დაწერა ერთი თვის წინ, რამდენიმე დღის წინ გადავურეკეთ, გავაფრთხილეთ რომ საუბარს ვიწერდით და კიდევ ერთხელ დაგვიდასტურა რომ არ აპირებს აქ მუშაობასო. მაგრამ მაინც არ გავუშვებთო.
ოღონდ ეს სიგიჟე ასე აღგიწერეს თქვენ:
“საქართველოს აქვს გამართული კონსტიტუცია, რომელიც დემოკრატიის წინააღმდეგ მიმართულ პროცედურულ ინსტრუმენტებს კიდევ უფრო ქმედით პროცედურულ ინსტრუმენტებს უპირისპირებს.
ქართული ოცნება / Georgian Dream
მადლობა. ყველაფერს გავაკეთებ, რომ თქვენივე ინიციატივით დააყენოთ ჩემთვის მანდატის გაუქმების საკითხი. ყველაფერს”, – წერს ჯაფარიძე სოციალურ ქსელში.