აგუნას რჩეული ქართველი, ანუ სოფლების მიხედვით ღვინის გამოცნობა

      საოცარია, მაგრამ ფაქტი, საქართველოში, რომელიც ღვინის ტრადიციულ, უძველეს ქვეყნადაა აღიარებული, იშვიათია ისეთი რანგის სპეციალისტი, როგორიც დღევანდელი ,,პერსონისგმირია. მისთვის ღვინის ხარისხის და მისი ეტიმოლოგიის დადგენა უკვე მარტო პროფესიული ჩვევა კი არ არის, ცხოვრების აზრი და გარკვეულად, ღირსების ტოლფასი საქმეა. მან საკუთარ სახლშიძველი ქართული საღვინე ჭურჭლისმუზეუმი გახსნა, ღვინის შესახებ მის მიერ გადაღებულ ფილმს კი მალე ,,დისქავერიუჩვენებს. ღვინოთმცოდნე გიორგი ბარისაშვილი.

 ბატონო გიორგი, თქვენ ამ დარგის სხვა სპეციალისტებისგან განსხვავებით ღვინის შესახებ საუკუნეებით დაგროვილ ცოდნას სრულად ფლობთ. ბუნებრივია, ამით ბავშვობიდან დაინტერესდით

– ნამდვილად ასე იყო, როცა ოჯახში ვხედავდი, როგორ უვლიდნენ ვაზს, ვენახს, მოჰყავდათ ღვინო. შემდეგ ინტერესი გამიძლიერდა და პროფესიონალურ ცნობისმოყვარეობაში გადაიზარდა. დღეს მეღვინის სპეციალობა მაქვს, უფრო ზუსტად, მეღვინეობა-მევენახეობის მკვლევარი ვარ, ჩემს ფუნქციებში შედის: ეთნოგრაფიის, საღვინე ჭურჭლის, მარნების არქიტექტურის, ვაზის ჯიშების და სამარნე იარაღის ცოდნა. დღემდე პროფესიონალურად ვსწავლობ. ღვინოების ეტიმოლოგიას, ღვინისა და ვაზის შესახებ ტაძრებსა და სახლებზე ლაპიდარულ წარწერებს ვიკვლევ. ერთი სიტყვით, ყველაფერი მაინტერესებს, სადაც სიტყვა: ვაზი და ღვინო ურევია.
ამ კვლევა შესწავლის დროს თქვენ მიერ აღმოჩენილი რომელი ფაქტი გახსენდებათ?
– მახსოვს, ატენის ხეობაში, სოფელ წედისში, ძველ მარანში მე-18 საუკუნეში გაკეთებული წარწერა ვნახე, თუ ვინ ააშენა ეს მარანი და იქვე, ვალუტის მსგავსად, იმ დროში ღვინის ფასი იყო გამოსახული და ეწერა: ერთი კოკა ღვინო ესა და ეს ღირსო…
რამდენადაც ვიცი, ამა თუ იმ კუთხის ღვინო ადვილად შეგიძლიათ გამოიცნოთ...1380855_698296273534871_753063136_n
– მეღვინეები ისე კვდებიან, რომ ღვინის გემო არ იციან და ერთს მეორისგან ვერ არჩევენ, კარგსა და ცუდს ვერ ანსხვავებენ. მაგრამ ამ დარგის სიყვარული ბევრს შეგაძლებინებს. თუ კარგი მეღვინე ხარ, აუცილებლად უნდა იცოდე, რომელ ღვინოს სად აყენებენ. იმერული ღვინო კრახუნა ობჩაში მოდის, მაგრამ თუკი ობჩას კარგად არ იცნობ,- ამას ვერ გამოიცნობ… მთიანი აჭარა ფეხით მოვიარე, როცა ვაზის ჯიშებს ვეძებდი, სოფელ აქუცაში ერთი ასეთი ისტორია მოვისმინე: ერთ მხცოვან კაცს, რომელმაც იცოდა ღვინისა და ვაზის მოყვანის წესები, მეჩეთში სწორედ ამის გამო არ უშვებდნენ და ის კაცი გამუსულმანებას ამან გადაარჩინა.
ანუ შეიძლება ითქვას, რომ ღვინოსაც ამა თუ იმ კუთხის ადამიანების მსგავსად განსხვავებული ხასიათი აქვს?
– რა თქმა უნდა, ასეა. ღვინის მიხედვით სხვადასხვა კუთხის ადამიანების ხასიათიც გამოიცნობა. მაგალითად, კახური ღვინო მაღალალკოჰოლურია და მას კახეთის მადლი, მისი მიწის სურნელი და გემო აქვს. როცა სვამ, უცებ გრძნობ, როგორ “ამოიმართება“ ალავერდი, როგორ მოღელავს ალაზანი, თითქოს კავკასიასაც და გომბორის მთასაც ხედავ… როცა კახურ ღვინოს სვამ,- ყველაფერ ამას გრძნობ და ,,ხედავ“!.. გარდა ამისა, ღვინო კულინარიასთანაც არის შეზავებული, რადგან იგი ორიენტირია, ანუ ჯერ ღვინო აირჩევა, მერე კი საჭმელი, რომელიც ამ ღვინოს უხდება. კახურ საჭმელს იმერული ღვინო არ მოუხდება და ვერ მოერგება. ეს სხვა ადგილის ღვინოა, იქ არის დაბადებული და ისინი თანაცხოვრობენ.
ბატონო გიორგი, თქვენ აცხადებთ, რომ ქვევრი ღვინის აკვანიაო...
– დიახ, აკვანია, რადგან ზუსტად იმ პერიოდში უნდა დარჩეს მასში ღვინო, რა დროშიც ბავშვი რჩება აკვანში. ღვინოც ადამიანივითაა: იბადება, გაივლის ჭაბუკობას, ჭარმაგობას, სიძაბუნესა და სიკვდილს… არც ერთი სხვა პროდუქტი: წყალი, რძე და სხვა ამ პროცესებს არ გადის… გაინტერესებთ, როგორ კვდება ღვინო? ჯერ სპირტი იშლება ქიმიურად, ნივთიერებები დაილექება და მჟავე წყალი რჩება. კაცის სიკვდილიც ეს არ არის?.. არსებობს ანტიკური ხანის ქვევრსამარხი, რომელშიც შუაზე გადახერხილ ქვევრის ერთ ნაწილში ემბრიონის პოზაში დამარხული ის კაცია, ვისაც ეს ქვევრი ეკუთვნოდა. თუ ქვევრში ღვინოს რეგულარულად ვაყენებთ და ქვევრში ღვინო დგას, იქ ბუნებრივად იქმნება სტაბილურობა და ღვინოც დაცულია. ქვევრში ღვინო იგივეა, რაც სხეულში სული. თუ ერთმანეთს დავაშორებთ: სხეული გაიხრწნება… პრობლემები იწყება მაშინ, როცა ქვევრში ღვინო აღარ ყენდება. ქვევრში ღვინო წლების განმავლობაში ინახება. ბევრმა შეიძლება არ იცოდეს, რომ საქართველოში ღვინის გარდა ქვევრში არაყსაც აძველებდნენ.
თქვენ ძალიან საინტერესო ექსპონატებს ფლობთ და საკუთარ სახლში ღვინის მუზეუმი გახსენით
– ამ სფეროთი ისე დავინტერესდი, რომ ჩემს სახლში, მცხეთაში უკვე 200- მდე ექსპონატი მაქვს და სახლში “ძველი ქართული საღვინე ჭურჭლის“ მუზეუმი გახსენი. თან საღვინე ჭურჭლების, დოქებისა და ფიალების კეთებაც დავიწყე. 2000 წელს მქონდა იდეა, რომ ქართულ ღვინოზე გადამეღო ფილმი, რაც მანამდე არ არსებობდა. დავწერე სცენარი და ინტერნეტით ამერიკაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი შემეხმიანა, მან სცენარის გადაგზავნა მთხოვა, ეს კაცი გიორგი ბაისონიშვილია, მან წიგნის დასაბეჭდი თანხა იმ დღესვე გამომიგზავნა. ამ წიგნის სახელი იყო ,,სპილენძის საღვინე ჭურჭელი და მარნის იარაღები“. ეს წიგნი ზუსტად ერთ კვირაში გამოვეცი. შემდეგი ეტაპი ფილმის გადაღება იყო, ეს ადამიანი ფილმითაც დაინტერესდა და ამიტომ სცენარიც გადავუგზავნე. იმ ფილმის გადასაღები ფულიც ამ ადამიანმა გამომიგზავნა. მერე უნივერსიტეტში თავის ნაცნობს დაუკავშირდა, რომელსაც ჩემზე მოუყვა და მეც ილიაუნში მიმიწვიეს. ახლა აქ არჩევით საგანს ღვინოთმცოდნეობას ვკითხულობ. პირდაპირ გეტყვით, ძალიან მიხარია, რომ სტუდენტები ჩემს ლექციებზე ფეხზე დგანან.
ღვინის შესახებ უკვე ბევრი წიგნი გაქვთ გამოცემული...1899116_698296336868198_286707643_n
 – გამოვიდა ილუსტრირებული სახელმძღვანელო ,,ქართული მარანი“, გამოცემული მაქვს “ღვინის კულტურა“, “ძველი ვაზის ჯიშების კალენდარი“, “ილია ჭავჭავაძის ღვინის ქართულად დაყენება“. ღია ბარათების კრებულები გამოვეცი: ,,საქართველოს ძველი ხიდები“ და “საქართველოს მცხეთის შემოგარენის ტაძრები“, მცხეთის საოჯახო ფოტოების არქივი.   ამჟამად კი სტამბაშია ილუსტრირებული ალბომი ,,ვაზისა და ღვინის ქვეყანაში“. გადავიღე ფილმი “ქრისტეს მერთვლეები“, რომლის პრეზენტაციაც უკვე იყო და რომელიც ლექსო გელაშვილმა გადაიღო, იდეა მე მეკუთვნის. ფილმი ინგლისურად ითარგმნა და მისით ,,დისქავერი“ დაინტერესდა, 2014 წელს მას ამ არხზე გაუშვებენ.
არსებობს მარადიული დავა: ღვინის პირველი ქვეყანა საქართველო თუ სოხეთი?
– ჩვენთან 8000 წლის წინ უკვე არსებობდა ღვინის კულტურა. ანუ ჯერ კიდევ მაშინ, როცა ისტორია არ არსებობდა. იგი პრეისტორიულია. ასე რომ, ფაქტი სახეზეა, რა თქმა უნდა, ქართველები ვართ ღვინის პირველი ქვეყნიდან….
ბოლო დროს ხშირად საუბრობენ  საქართველოში ალკოჰოლიზმის საშიშროებაზე, ეთანხმებით?
 – ღვინის ქვეყანაში ალკოჰოლიზმის პრობლემა არ უნდა არსებობდეს, მაგრამ ეს პრობლემა ღვინის ფალსიფიკაციამ გამოიწვია, ანუ მაშინ დაიწყო, როცა ღვინოში შაქრის გარევა დაიწყეს. შაქარგარეული ღვინო ადამიანზე ცუდად მოქმედებს, თორემ ნატურალური თავად არ მოგცემთ  გალოთების საშუალებას.

თეონა გოგნიაშვილი

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები