ქეთი წიკლაური: თემურ წიკლაურის ჯანმრთელობის მდგომარეობა გართულდა და დამძიმდა
მომღერალ თემურ წიკლაურის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა. ამის შესახებ ინფორმაციას მისი შვილი, ქეთი წიკლაური სოციალურ ქსელში ავრცელებს.
ის საზოგადოებას თხოვნით მიმართავს, გაითვალისწინონ თემურ წიკლაურის და ოჯახის ამჟამინდელი მდგომარეობა და თავი შეიკავონ დაუზუსტებელი ინფორმაციის გავრცელებისგან.
“მეგობრებო, თემურზე საუბარი რადგან დავიწყე, ახლაც მოკლედ რამდენიმე სიტყვას ვიტყვი, ვიცი, ბევრი თქვენგანი ჩემი მამის შესახებ ყოველდღე სიახლეს ელის – კარგ ცნობას, თუმცა ამ წუთისთვის ჯერჯერობით კარგი სიახლე არ გვაქვს, თემურის მდგომარეობა გართულდა და დამძიმდა. მართალია ჩვენ იმედიანად ვართ, მაგრამ ფაქტია მისი მდგომარეობა გაუარესდა. ჩვენ გვესმის, თუ ზოგადად მსოფლიოში ამ ვირუსის გამო როგორი მძიმე ვითარებაა, მაგრამ ყველას გთხოვთ, უმორჩილესად გთხოვთ ჩვენი ოჯახის და კერძოდ თემურ წიკლაურის ამჟამინდელი მდგომარეობა გაითვალისწინოთ და არანაირ ჭორსა თუ მითქმა-მოთქმას აჰყვეთ და ფბ-ზეც ცრუ ამბების გაზიარებისგანაც გთხოვთ თავი შევიკავოთ. ასეთ დროს ტყუილ-მართალი ერთმანეთში ირევა და კიდევ უფრო მძიმე ატმოსფერო იქმნება, მე პირადად გაცნობებთ რა ხდება, რა მოხდა და საქმე როგორ შემოტრიალდა – სასიკეთოდ თუ სხვაგვარად. გთხოვთ მხნეობას. მადლობა თანაგრძნობისთვის”,- წერს ქეთი წიკლაური.