მთავრობა თიბილოვის ოლიმპიადაზე მიწვევის შესახებ ინფორმაციას აზუსტებს

   საქართველოს მთავრობა ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლების პრეზიდენტ ლეონიდ თიბილოვის სოჭის ოლიმპიადაზე ოფიციალურად მიწვევის შესახებ ინფორმაციას აზუსტებს. ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ განაცხადა. “ჩვენ ოფიციალურად გვინდა ამ ინფორმაციის გადამოწმება, რომელიც მედიით გავრცელდა. ოფიციალური ინფორმაციის მიღების შემდეგ შესაბამის გადაწყვეტილებას მივიღებთ”,- განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.
შეგახსენებთ, რომ სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტი, ლეონიდ თიბილოვი სოჭის ოლიმპიადის გახსნის ოფიციალურ ცერემონიალზე მიიწვიეს. ოსური მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ თიბილოვის პრესმდივანმა, განა იანოვსკაიამ განაცხადა. “პრეზიდენტი პირადად მიიღებს მონაწილეობას ისეთ მნიშვნელოვან ღონისძიებაში, როგორიცაა ზამთრის ოლიმპიური თამაშების გახსნა”, – განაცხადა განა იანოვსკაიამ.
მისივე თქმით, ლეონიდ თიბილოვი ასევე მიწვეულია რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის სახელით დაგეგმილ ოფიციალურ მიღებაზე, რომელიც გაიმართება ოლიმპიადის გახსნისთვის მიწვეული 40-ზე მეტი სახელმწიფოს მეთაურისა და ლიდერისთვის. სოჭის ოლიმპიადა 7 თებერვალს იხსნება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები