ამირან გამყრელიძე: ყველანაირად ვეცდებით, რომ შესაბამისი რეგულაციებით სწავლა ქვეყანაში აღდგეს, მაგრამ ეს დამოკიდებულია ეპიდსიტუაციაზე

“ყველანაირად ვეცდებით, რომ შესაბამისი რეგულაციებით სწავლა ქვეყანაში აღდგეს, მაგრამ ეს დამოკიდებულია ეპიდსიტუაციაზე”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ქვეყანაში მოქმედი შეზღუდვების შემსუბუქების საკითხზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, გარკვეული შეზღუდვების შემსუბუქება აუცილებელია, მაგრამ რა მასშტაბით, ამაზე ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე დაკვირვების შემდეგ იქნება გადაწყვეტილება მიღებული.

,,მოვლენებს წინ ნუ გავუსწრებთ. საბედნიეროდ, ერთი თვეა, ქვეყანაში ეპიდსიტუაციის პროცესი სტაბილიზაციისკენ მიდის. ყოველდღიურად სხვადასხვა ინდიკატორი, როგორიცაა დადებითობის მაჩვენებელი, ბოლო ერთი კვირის ინციდენტობა აჩვენებს, რომ ყველაფერი მიდის დამშვიდებისკენ. ამიტომ, იანვრის ბოლო დღეებს დაველოდოთ და შემდეგ ეპიდვითარების მიხედვით მივიღოთ გადაწყვეტილება.

მოგეხსენებათ, პამდემიამ ჩვენს ცხოვრებაში ბევრი რამ შეცვალა. მათ შორის, ძირეული ცვლილებები შეიტანა განათლების სისტემასა და მეთოდოლოგიაში. სწავლის პროცესი მიმდინარეობს, ეგრეთ წოდებული, დასწრებული სწავლა არ მიმდინარეობს რამდენიმე დიდ ქალაქში. ზოგადად, დათქმა არსებობს, რომ სკოლები და სასწავლებელები უნდა დაიკეტოს ბოლოს და უნდა გაიხსნას პირველი. ეს არის ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ხედვა. ამიტომ, ჩვენ ყველანაირად ვეცდებით, რომ შესაბამისი რეგულაციებით სწავლა ქვეყანაში აღდგეს, მაგრამ ეს დამოკიდებულია ეპიდსიტუაციაზე“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები