ამირან გამყრელიძე: მიღებულია კოვიდვაქცინის დანერგვის ეროვნული გეგმა, რომელიც წარედგინება ჯერ საკოორდინაციო საბჭოს და შემდეგ საქართველოს მთავრობას დასამტკიცებლად
“მიღებულია კოვიდვაქცინის დანერგვის ეროვნული გეგმა, რომელიც გარკვეული ფორმალური პროცედურების შემდეგ წარედგინება ჯერ საკოორდინაციო საბჭოს და შემდეგ საქართველოს მთავრობას დასამტკიცებლად”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
მისი თქმით, კოვიდვაქცინის დანერგვის ეროვნული გეგმის შესამუშავებლად ჯერ კიდევ გასულ წელს შეიქმნა სამუშაო ჯგუფი.
„მოგეხსენებათ, საქართველო კოვიდის ვაქცინაციასთან დაკავშირებით მუშაობა დაიწყო გასული წლის აგვისტოში, როდესაც პირველი კომუნიკაციები, როდესაც პირველი კონსულტაციები გაიმართა ახლადშექმნილ „კოვაქს“ პლატფორმასთან. ოფიციალურად საქართველომ განაცხადა თანხმობა, რომ გაერთიანდებოდა „კოვაქს“ პლატფორმასთან და გააფორმა ხელშეკრულება მასთან სექტემბერში და გადაიხადა უპირატესი მექანიზმით წინასწარი შესატანი. უპირატესი მექანიზმი ნიშნავს, რომ საქართველოს ხუთი-ექვსი ვაქცინიდან, რომელიც განთავსდება „კოვაქს“ პლატფორმაზე, უფლება აქვს, შეარჩიოს შესამაბისი ვაქცინა, რომელიც მისაღები იქნება უფრო მეტად ქვეყნისთვის.
ამასთან, გასულ წელს შეიქმნა სამუშაო კომისია სხვადასხვა სამინისტროს მონაწილეობით კოვიდვაქცინის დანერგვის ეროვნული გეგმის შესამუშავებლად. შექმნილი იყო სამუშაო ჯგუფები, რომლებმაც თვე-ნახევრის განმავლობაში ინტენსიურად იმუშავეს და დღეს უკვე არსებობს პირველი დასრულებული პროექტი ამ ეროვნული გეგმის. დღვანდელ საბჭოზე მოხდა დასრულებული ვერსიის წარდგენა. იყო განხილვა, წინადადებები, შენიშვნები და, რა თქმა უნდა, კონსენსუსის წესით მოხდა გეგმის მიღება, რომელიც გარკვეული ფორმალური პროცედურების შემდეგ წარედგინება ჯერ საკოორდინაციო საბჭოს და შემდეგ საქართველოს მთავრობას დასამტკიცებლად“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.