თბილისთან მოკლული უკანასკნელი კასპიური ვეფხვი – 4 დეკემბერი, 1921 წელი
1921 წლის 4 დეკემბერს, თბილისიდან 23 კილომეტრში მდებარე სოფელ ლელობთან უკანასკნელი კასპიური ვეფხვი (Pantera Tigris Virgata) მოკლეს.
იმ პერიოდის პრესა ამბავს ასე გამოეხმაურა:
წინადღით (3 დეკემბერს) უკვალოთ დაიკარგა ამ სოფლის (ლელობი) ხარი, შემდეგ მეორე დღეს დილით დაიკარგა ძროხა. ამ გარემოებამ დიდად შეაწუხა ადგილობრივი მცხოვრებნი. ოთხმა ადგილობრვ მონადირემ: გიორგი წითურიშვილმა, ალექსი წიკლაურმა, იოსებ წიკლაურმა და სიმონ ბექაურმა გადასწყვიტეს აღმოეჩინათ ეს უხილავი მტაცებელი.
იმავე დღეს, ბევრი ძებნის შემდეგ კვალით მიაგნეს ვეფხის ბუნაგს, რომელიც მას მოეწყო ახლო მდებარე ტყეში. მხეცმა, როგორც კი დაინახა ახლო მოსულნი მონადირენი, ელვასავით გამოვარდა ბუნაგიდან და ის იყო აპირებდა სასიკვდილო ნახტომს, როდესაც მას ერთბაშად ოთხივე მონადიირემ დაახალა თოფები და მოსტეხეს უკანა ფეხი. ამ გარემოებამ გადაარჩინა ისინი ვეფხის ბასრი კბილებისგან.
მიუხედავად ასეთი მძიმე ჭრილობისა, საშინელი მხეცი მაინც სცდილობდა მისწვდომოდა თავის მტრებს და ზევით აშვერილ თათებით ბზრიალასავით ტრიალებდა…
დანამდვილებით შეიძლება ვსთქვათ, რომ მოკლული ვეფხი მოსულა ტალიშიდან, ლენკორანის მაზრა, ბაქოს გუბერნია, სადაც ის იმყოფება ბინადრად. ალბათ ვეფხი ნადირობდა გარეულ ღორებზე ჩალაკალმებში მტკვრის ნაპირებზე და ამ ნაიდრობამ გაიტაცა ის შორს. უნდა ვიფიქროთთ, რომ მდინარე ხრამის ან და ალგეთის შესართავთან მან დასტოვა მტკვრის მიდამოები და გაჰყვა ამ ერთ-ერთ მდინარეს და შემდეგ მოხვდა სოფ. ლელობნის მიდამოებში.
მოკლული ვეფხი წარმოადგენს მშვენიერ ეგზემპლიარს. ტყავის ფერი და მისი ნახატი, აგრეთვე მესამე ღრძილის ეგრეთწოდებული სიმხეცის კბილი მოწმობენ, რომ ის ეკუთვნს კასპიის რასას – Septeutrioriales ოქროს ფერი ტყავი დახაზული შავი ზოლებით. ბალანი შუა ზომისაა. უზარმაზარიი თავი კისერთან შემოსილია გრძელი ბალნით: ოთხი ვერშოკის სიგრძე. ტანის სიგრძე უდრის თითქმის 3 არშ. ნახევარს (3 არშ. 32 სანტიმეტრ.).
ამჟამად ვეფხი გადაეცა მუზეუმს…
მოკლული ცხოველის ფიტულის დასამზადებლად, საქართველოს მუზეუმისა და მასთან არსებული ბიბლიოთეკის დირექტორს, ნოე ყიფიანს ოსტატები გერმანიიდან მოუწვევია.
მას შემდეგ, 1922 წლიდან, თბილისთან ახლოს მოკლული ვეფხვის ფიტული ეროვნული მუზეუმის ზოოლოგიის განყოფილებაში ინახება.
„თურანული ვეფხვი, მამრი ინდივდი (160კგ), მოპოვებული 1922 წელს, სოფ. ლელობთან ძმები წიკლაურების მიერ. იგი აზერბაიჯანიდან შემოვიდა მდ. მტკვრის ჭალებით.როგორც, ჩანს, გადმოიხვეწა აქ ირანიდან, შემდეგ ძუ ვეფხვის ძებნაში მოხვდა ჯერ გარდაბნის ტყეში, შემდეგ მანგლისში და ბოლოს მოკლული იქნა სოფ.ლელობთან“, – ასეთია მოკლული ვეფხვის ანოტაცია საქართველოს ეროვნული მუზეუმის ვებგვერდზე.
P.S. აღსანიშნავია, რომ საქართველოში ვეფხვის არსებობაზე წერდა XVIII საუკუნეში მოღვაწე გერმანელი მოგზაური და მეცნიერი – გულდენშტადი, რომელმაც სამეგრელოში, კოლხეთის ჭაობებში ორი მოკლული ვეფხვის ტყავი იხილა.
წყარო: vangogen