ირმა ინაშვილი: კომუნისტურ პარტიას ეგონა, მას ეკუთვნოდა ცაც, დედამიწაც, ღრუბლებიც და ვარსკვლავებიც, დღეს ასე ჰგონია ირაკლი კობახიძესაც
“დღეს ვითომ დასავლური კობახიძე უკანონო პარლამენტიდან გვესაუბრება დასავლურ ღირებულებებზე”, – ასე გამოეხმაურა „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი, ირმა ინაშვილი საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომლის მიხედვითაც მნიშვნელოვანია, რომ „პატრიოტთა ალიანსის“ რუსული შემადგენელი არ შევიდა პარლამენტში.
ინაშვილის განცხადებით, პოლიტიკური იარლიყების მიკერების უზნეო პრაქტიკა უნდა დამთავრდეს.
„მინდა, ვუპასუხო ამ იარლიყების მიკერების თემას, რაც არის მანკიერება ქართულ პოლიტიკაში. ბოლოსდაბოლოს უნდა დავამთავროთ პოლიტიკური იარლიყების მიკერების ასეთი უზნეო პრაქტიკა. მესმის, რომ „ძერჟინსკი“ კობახიძე ბედნიერია იმის გამო, რომ არ ვარ პარლამენტში. მინდა, ვუთხრა, რომ ხანმოკლე აღმოჩნდება მისი ბედნიერება. აი, რა არის რუსული შემადგენელი, რაზეც ის საუბრობს, მე პარლამენტში საქართველოს ინტერესების დაცვაზე ვსაუბრობდი და ეს არის რუსული შემადგენელი? მე ვლაპარაკობდი მშვიდობაზე, შერიგებაზე, კულტურული მემკვიდრეობის დაცვაზე. ეს არის რუსული შემადგენელი? ოთხი წლის განმავლობაში პარლამენტში ვლაპარაკობდი იმაზე, რომ ქვეყანაში გვყავს მშიერი ბავშვები. ეს არის რუსული შემადგენელი? ვამბობდი, რომ ტყუილია, თითქოს, ეკონომიკა იზრდება. ეს არის რუსული შემადგენელი? მე ვლაპარაკობდი საქართველოსა და ქართველი ხალხის ინტერესების დაცვაზე.
ახლა მინდა, გითხრათ, რომ ვითომ დასავლური „ქართული ოცნება“ მთელი ამ წლების განმავლობაში აგებდა კომუნისტურ საქართველოს და მიაღწიეს, რომ კომუნისტური პარტიის რეჟიმში მოქმედებს ახლა. ვითომ დასავლურმა „ქართულმა ოცნებამ“ მოსპო პარლამენტში პოლიტიკური დებატები. მე ვიცესპიკერი ვიყავი და ორ კვირაში ერთხელ მხოლოდ 10 წუთი მქონდა, რომ ტრიბუნასთან პოზიცია დამეფიქსირებინა. ეს არის პოლიტიკური პროცესის მოკვლა. ისე დაამახინჯეს და ერთ პარტიაზე მოარგეს რეგლამენტი, რომ ოთხი დეპუტატი ფრაქციას ვერ ქმნის და, პრაქტიკულად, არავითარი ბერკეტი არ აქვს პარლამენტში, რათა დებატები გაუწიოს კომუნისტურ ოცნებას. მოახდინეს საარჩევნო კანონმდებლობის უზურპაცია, გააყალბეს არჩევნები და დღეს სახეზე გვაქვს უკანონო პარლამენტი, რომელმაც აირჩია უკანონო მთავრობა. ვითომ დასავლურმა „ქართულმა ოცნებამ“ დაანგრია საყდრისი, არ დაიცვა დავით გარეჯი და მხოლოდ საარჩევნოდ გაახსენდა. უვადოდ დატოვა მურუსიძე და არ გადაუდგამს არც ერთი დასავლური ნაბიჯი. მათ მრავალპარტიული პარლამენტის ნაცვლად, ჩვენ თავს მოგვახვია ერთპარტიული პარლამენტი და აღადგინა კომუნისტური პარტია.
ერთ პარტიას ეკუთვნოდა მაშინ ყველაფერი. ეგონათ, მათ ეკუთვნოდათ ცაც, დედამიწაც, ღრუბლებიც და ვარსკვლავებიც. დღეს ეს ჰგონია კობახიძესაც და ეს არის ტრაგედია. დღეს ვითომ დასავლური კობახიძე უკანონო პარლამენტიდან გვესაუბრება დასავლურ ღირებულებებზე“, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.