სოზარ სუბარი: არაერთი პარტია აპირებს პარლამენტში შემოსვლას და კიდევ მეტს აქვს სურვილი, უბრალოდ, ვერ ბედავენ

„ქართული ოცნების“ დეპუტატი, სოზარ სუბარი აცხადებს, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდის გამართვისთვის რესურსი დარჩენილია. თუმცა, როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ახალი არჩევნები ვერ ჩატარდება, რადგან მისი ლეგიტიმაციის საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ არ დგას.

„რადგან ორივე მხარე მზად არის შეხვედრისთვის და რადგან ფასილიტატორი ელჩებიც გამოთქვამენ მზაობას, ეს ნიშნავს, რომ მოლაპარაკებებისთვის რესურსი დარჩენილია. სად გადის ეს ზღვარი, ამაზე საუბარი ძალიან ძნელია, თუმცა, ფაქტი ერთია, ახალი არჩევნები ვერ შედგება იმიტომ, რომ არჩევნებში 2 მილიონმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. ერთ-ერთი ყველაზე ლეგიტიმური არჩევნები იყო ამომრჩეველთა აქტიურობის თვალსაზრისით. ბუნებრივია, ამ 2 მილიონი ადამიანის არჩევანს ხაზს ვერ გადავუსვამთ. მოლაპარაკების რესურსი დარჩენილია. ამიტომაც არის, რომ ორივე მხარე მოლაპარაკებისთვის ემზადება”, – აცხადებს სუბარი.

კითხვაზე, ვის შესვლას შეიძლება, ველოდოთ პარლამენტში, სუბარმა უპასუხა, რომ საკანონმდებლო ორგანოში შესვლის სურვილი ძალიან ბევრ ადამიანს აქვს, თუმცა, ვერ ბედავენ.

„დაველოდოთ, ვნახოთ. ფაქტია, რომ არაერთი პარტია აპირებს შემოსვლას და კიდევ უფრო მეტს აქვს სურვილი, უბრალოდ, ვერ ბედავენ. თუ გადალახავენ ამ შიშს და დაუსხლტებიან „ბულინგს”, მათთვის იქნება უკეთესი”, – განაცხადა სუბარმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები