“ნაციონალურმა მოძრაობამ” პარტიის თავმჯდომარედ ნიკა მელია ოფიციალურად დაამტკიცა

“ნაციონალურმა მოძრაობამ” პარტიის თავმჯდომარედ ნიკა მელია ოფიციალურად დაამტკიცა.

პარტიამ ცენტრალურ ოფისში დღეს ყრილობა გამართა, სადაც ნიკა მელიამ თანაპარტიელებს მადლობა გადაუხადა და მათ სიტყვით მიმართა.

„სხვადასხვა დროს „ნაციონალური მოძრაობიდან“ ბევრი წასულა და პატივი უნდა ვცეთ მათ არჩევანს, მაგრამ, ბუნებრივია, იბადება კითხვა – როგორ ხდება, რომ ბევრი მიდის, წასულან დიდებიც, წასულან ბევრნიც, ცოტაც, მაგრამ ეს მოძრაობა კი არ სუსტდება, არამედ პირიქით ძლიერდება და გაძლიერებულა, რა არის ამის მიზეზი? ამას აქვს მარტივი ახსნა, „ნაციონალური მოძრაობა“ არის ეროვნული მოძრაობის გაგრძელება, ეს არ არის პერსონების მოძრაობა, „ნაციონალური მოძრაობა“ არის ევროპული, თავისუფალი და წარმატებული საქართველოს იდეა და ამ იდეას ამიტომაც ვერც ერთი ცალკე აღებული ადამიანი ვერ აზიანებს, ვერ ამარცხებს. „ნაციონალური მოძრაობა“ არის მეტი, ვიდრე პარტია. ის, რაც 2012 წელს შეძლო „ნაციონალურმა მოძრაობამ“, ვგულისხმობ ხელისუფლების მშვიდობიანად გადაბარებას, არ და ვერ შეძლო ძალაუფლებას დახარბებულმა და ჩაბღაუჭებულმა „ქართულმა ოცნებამ“ და სულ ახლახანს არჩევნების გაყალბების გზით მიიტაცა ხელისუფლება. მათ მიერ ჩადენილ დანაშაულებს, როგორც შეცდომებს ისე გამოასწორებს ქართველი ხალხი“, – განაცხადა მელიამ.

შეგახსენებთ, ნიკა მელიასა და ლევან ვარშალომიძეს შორის ელექტრონული არჩევნები “ფეისბუქზე” მიმდინარეობდა. ელექტრონულ არჩევნებში მონაწილეობა 20 ათასზე მეტმა მოქალაქემ მიიღო, საიდანაც ნიკა მელიამ ხმების 64.9%, ხოლო ლევან ვარშალომიძემ 35.1% აიღო.

ახალი თავმჯდომარის არჩევის აუცილებლობა მას შემდეგ დადგა, რაც გრიგოლ ვაშაძემ პარტია დატოვა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები