დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სახელმწიფო მიწების უკანონოდ დატაცებისა და მასზე შენობა-ნაგებობების განთავსების მიმართულებით არსებული კანონმდებლობა სუსტია. როგორც მან თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე აღნიშნა, სახელმწიფო ქონების დატაცება დანაშაულია. შესაბამისად, მუნიციპალიტეტს მომზადებული აქვს საკანონმდებლო პაკეტი, რათა შემდგომში მსგავსი ფაქტები სისხლის სამართლის კოდექსით დარეგულირდეს.
„სახელმწიფო ქონების, მიწების დატაცებისა და მათზე შენობა-ნაგებობების უნებართვოდ განთავსების კუთხით არსებული კანონმდებლობა სუსტია, რომელიც ვერ ზღუდავს იმ სამწუხარო ფაქტებს, რაც მრავლად გვაქვს ქალაქში. დარწმუნებული ვარ, ეს არა მხოლოდ დედაქალაქის, არამედ სხვა ქალაქებისა და რაიონების პრობლემაც არის. რა თქმა უნდა, არსებობენ ისეთი ოჯახები, რომელთაც მართლა უჭირთ, სოციალურად დაუცველები არიან და სერიოზული პრობლემები გააჩნიათ. ჩვენ ამ ადამიანებისთვის ხელი არ გვიკვრია, პირიქით, ვეხმარებით. ასევე, არსებობს ქირით გაყვანის პროგრამა – ყოველწლიურად, ამ მიმართულებით შვიდი მილიონი ლარი იხარჯება, თუმცა, არსებობენ ისეთი ოჯახები, რომელთა სახელზე არაერთი ბინა, ავტომობილი, სხვადასხვა ქალაქსა და რაიონში საცხოვრებელი ფართები, სახნავ-სათესი მიწებია რეგისტრირებული, გაფორმებული არიან ინდმეწარმეებად, ეწევიან ბიზნესსაქმიანობას და ა.შ. მომზადებული გვაქვს საკანონმდებლო ინიციატივა, რომელსაც დარწმუნებული ვარ, პარლამენტის მხარდაჭერა ექნება. მიწების დატაცება სისხლის სამართლის დანაშაულია და უნდა ისჯდებოდეს. სხვანაირად ამ ყველაფრის მოწესრიგება შეუძლებელია“, – განაცხადა თბილისის მერმა.