სამართალდამცველებმა ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით 2 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით 2 პირი: 2000 წელს დაბადებული მ.მ. და ამავე წელს დაბადებული რუსეთის ფედერაციის მოქალაქე კ.პ. დააკავეს. ხოლო დანაშაულში მონაწილე 2001 წელს დაბადებულ ლ.ჩ.-ს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა. ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა თანამზრახველთან ერთად, დიდი ოდენობით თანხის მიღების მიზნით, ყაჩაღობის გეგმა შეიმუშავეს. მიმდინარე წლის 14 აპრილს, თბილისში მდებარე ერთ-ერთ ბინაში მოტყუებით მიიყვანეს ორი პირი, გაკოჭეს და ცეცხლსასროლი იარაღის დემონსტრირებითა და სიცოცხლის მოსპობის მუქარით, ყაჩაღურად დაეუფლნენ მათ კუთვნილ თანხას – 181 000 აშშ დოლარის ოდენობით, მაჯის საათსა და ყელსაბამს. დანაშაულებრივი ქმედების შემდეგ სამივე ბრალდებული შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

“სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დამნაშავეების ვინაობა დაადგინეს და მათ მიმართ კანონით განსაზღვრული ღონისძიებები გაატარეს. პოლიციამ მ.მ. და კ.პ. ბრალდებულის სახით დააკავა.

ბრალდებულების საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოღებულია იარაღები და დანაშაულის ჩადენისას გამოყენებული სხვა ნივთები.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179 -ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს,”- წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები